ბულგარეთსა და აზერბაიჯანს ”ნაბუკოს” პროექტის რეანიმირება სურთ

”ჩვენი მთავარი მიზანია, რომ აზერბაიჯანული გაზი ევროპაში მოხვდეს”

სოფიასა და ბაქოს "ნაბუკოს" გაზსადენის პროექტის რეანიმირება სურთ, რაც ბულგარეთს დაეხმარება, კიდევ უფრო მეტად დამოუკიდებელი გახდეს რუსეთის გაზისგან. ამის შესახებ ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა ბოიკო ბორისოვმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან სოფიაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ბულგარეთის პრემიერის თქმით, შეიძლება "ნაბუკო-დასავლეთი" მიუერთდეს დაგეგმილ თურქულ გაზსადენ TANAP-ს. ეს ტრანსანატოლიური გაზსადენი აზერბაიჯანული ცისფერი საწვავის თურქეთ-საქართველოს საზღვრიდან დასავლეთისკენ ტრანსპორტირებისთვის იქმნება და ტრანსადრიატიკის გაზსადენს (TAP) მიუერთდება.

"ვფიქრობთ, შეგვიძლია TAP-ისა და ნაბუკოს გაერთიანება და დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რა ერქმევა ამ პროექტს. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ აზერბაიჯანული გაზი ევროპაში მოხვდეს. ევროკავშირის რაც მეტი ქვეყანა მიიღებს ჩვენ გაზს, მით უკეთესი იქნება ყველასთვის", - განაცხადა ილჰამ ალიევმა.

მაგისტრალური გაზსადენი "ნაბუკოს" პროექტი 2013 წელს გაიყინა, რისი მიზეზიც გახდა რუსეთის გეგმა - გაეყვანა გაზსადენი "სამხრეთის ნაკადი" შავი ზღვის ფსკერზე, ბულგარეთში. 2014 წლის დეკემბერში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა "სამხრეთ ნაკადის" პროექტის შეჩერების შესახებ განაცხადა. როგორც პუტინმა მაშინ განაცხადა, გაზსადენის მშენებლობას ვერ დაიწყებს, ვინაიდან ბულგარეთის მხრიდან თანხმობა არ აქვს.