საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში წლიურად 236.2 ლარით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2022 წლის მე-2 კვარტალში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 19.2 პროცენტით გაიზარდა და 41.7 მილიარდი ლარი შეადგინა.

მათივე ცნობით, 2022 წლის მე-2 კვარტალში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 695.2 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 5.4 პროცენტით მეტია. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 42.8 პროცენტი ქალია, ხოლო 57.2 პროცენტი - კაცი.

„დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 42.2 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდის, 20.2 პროცენტი - საშუალოზე, ხოლო 37.7 პროცენტი - მცირე ბიზნესზე. საანგარიშო პერიოდში, დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 656.7 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.3 პროცენტით მეტი), ხოლო საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე - 3 267.4 მლნ ლარით განისაზღვრა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 23.4 პროცენტით მეტი).

2022 წლის მე-2 კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 1 625.8 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 236.2 ლარით), მათ შორის ქალების ხელფასმა შეადგინა 1 267 ლარი (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 168.6 ლარით),“- აღნიშნულია საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია:

  • მსხვილი ბიზნესი – 1 718.1 ლარი;
  • საშუალო ბიზნესი – 1 920.6 ლარი;
  • მცირე ბიზნესი – 1 320.8 ლარი.
თაია არდოტელი