ქუთაისი-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის 4,5კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია ხორციელდება

ქუთაისი-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის 4,5კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია ხორციელდება.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2015 წლის პირველ ეპატზე დაგეგმილი პროექტების ფარგლებში, ქუთაისი-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის 4,5კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დაიწყო. მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ამაშუკელმა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ვაჟა ფანჩულიძემ განახორციელეს.

"ამ დროისთვის ქუთაისი-ბენარას საავტომობილო გზაზე, არსებული სარწყავი არხების გაწმენდა, მილების, კიუვეტების და ავტოპავილიონების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში 4,5 კმ-იან მონაკვეთზე დაგეგმილია გზის საფარის განახლება, გაბიონის საყრდენი კედლების მოწყობა, მიერთებების, ეზოებში შესასვლელების, ასევე საგზაო ნიშნებისა და მონიშვნის სამუშაოები. სამუშაოებზე 50-მდე ადამიანია დასაქმებული", - ნათქვამია განცხადებაში.

სარეაბილიტაციო სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 3 მილიონ 500 ათას ლარს შეადგენს. "ქუთაისი-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის 4.5 მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება. პროექტის განხორციელების შედეგად, 4 სოფლის მოსახლეობას აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტით მიმოსვლა მნიშვნელოვნად გაუადვილდება", - ნათქვამია განცხადებაში.