„ქართული ოცნება“ რთველში - რამდენი დაიხარჯა ყურძნის სუბსიდირებაზე 2012 წლის შემდეგ

საქართველოს მთავრობამ წელს რთველის სუბსიდირებისთვის 150 მლნ ლარი გამოყო. სუბსიდიას მიიღებენ ის კომპანიები, რომლებიც შეისყიდიან და გადაამუშავებენ კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა რქაწითლის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს და 1 კგ ყურძნის სანაცვლოდ, ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდიან არანაკლებ 0.90 ლარს.

2022 არაა პირველი წელი, როდესაც მთავრობამ რთველი დაასუბსიდირა, თუმცა ამ მოცულობის თანხა ბიუჯეტიდან ამისთვის აქამდე არასდროს არ გამოყოფილა.

სუბსიდირების პოლიტიკა საქართველოში 2008 წლიდან, რუსული ემბარგოს პერიოდში იწყება, თუმცა ამ პერიოდში გამოყოფილი თანხა შედარებით მცირე იყო.

ვითარება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ იცვლება. მაგალითად, თუ 2011 წელს რთველის ხელშეწყობის ღონისძიებებისთვის 8.8 მილიონი ლარი დაიხარჯა, 2012-ში ამ თანხამ 47 მილიონი შეადგინა.

როგორც ბიუჯეტის შესრულების ანგარიშებიდან ირკვევა, საერთო ჯამში, 2012-2016 წლებში რთველის ხელშეწყობის ღონისძიებების, მათ შორის, ყურძნის შესყიდვა-გადამუშავების ხელშეწყობის მიზნით, საერთო ჯამში, 206 მილიონზე მეტი დაიხარჯა.

წლების მიხედვით გამოყოფილი ფინანსები შემდეგნაირად გამოიყურება:

  • 2012 – 47 მლნ;
  • 2013 – 32 მლნ;
  • 2014 – 31 მლნ;
  • 2015 – 60.7 მლნ;
  • 2016 – 36 მლნ.

2017 წელს მთავრობამ მიდგომა შეცვალა და რთველმა მასიური სუბსიდირების გარეშე ჩაიარა. მიზეზად კი ექსპორტისა და შესაბამისად, მოთხოვნის ზრდა დასახელდა. კახეთის რეგიონში რთველზე ხარისხიან, კონდიცირებულ ყურძენზე სუბსიდია აღარ გაიცა.

მიუხედავად ამისა, ამ წელს კომპანიებმა, რომლებმაც საბრენდე სპირტისა და კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის წარმოების მიზნით რქაწითელი და კახური მწვანის ჯიშის 1 კგ ყურძენი არანაკლებ 70 თეთრად შეისყიდეს, სახელმწიფოსგან კომპენსაციის სახით 35 თეთრი მიიღეს. სუბსიდია შენარჩუნდა რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ალექსანდროულსა და მუჯურეთულზე (1კგ-ზე 2 ლარი).

2017 წლის ბიუჯეტის ანგარიშის ასიგნებებში სუბსიდირებაზე დახარჯული თანხის ოდენობა აღნიშნული არაა, თუმცა, თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) თანახმად, ამ თანხამ 13.6 მილიონი ლარი შეადგინა.

2018 წელს მთავრობამ პირდაპირი სუბსიდირების სრულად შეწყვეტა, 2008 წლის შემდეგ პირველად გადაწყვიტა. თუმცა არაპირდაპირი სუბსიდირება მაინც გაგრძელდა - მოსავლის მისაღებად და გადასამუშავებლად საჭირო ღონისძიებების გატარება სახელმწიფო კომპანია „აკურას“ დაევალა, კომპანიას მოუწია ბაზარზე კერძო კომპანიების შესყიდვების შემდეგ დარჩენილი ყურძნის შესყიდვაც.

ISET-ის თანახმად, ამ შესყიდვის განსახორციელებლად შესყიდვების ეროვნულმა სააგენტომ 2018 წელს 10 მილიონი ლარის ყურძნის შესყიდვის პროექტი დაამტკიცა. 2019 წელსაც მთავრობამ სექტორი „აკურას“ გავლით დაასუბსიდირა და 80 მილიონი ლარი დახარჯა ფერმერებისგან ყურძნის შესყიდვაზე.

2020 წელს, პანდემიის შედეგად გამოწვეული ეკონომიკური სიძნელეების შემსუბუქების მიზნით, მთავრობამ სუბსიდირება განაახლა.

2017-2022 წლების სუბსიდირების სტატისტიკა შემდეგნაირია:

  • 2017 – 13.6 მლნ;
  • 2018 – 10 მლნ (არაპირდაპირი სუბსიდირება);
  • 2019 – 80 მლნ (არაპირდაპირი სუბსიდირება);
  • 2020 – 104.3 მლნ;
  • 2021 – 144.7 მლნ;
  • 2022 – 150 მლნ.

გამოდის, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემდეგ, 2012-2022 წლებში, ქართული ოცნების მიერ რთველის ხელშეწყობისთვის, მათ შორის, ყურძნის ჩაბარება-გადამუშავებისთვის გამოყოფილი თანხების ოდენობა (პირდაპირი თუ არაპირდაპირი სუბსიდია), საერთო ჯამში, 709 მილიონ ლარს აღემატება.

სუბსიდირების პროგრამით ყურძენს ყიდულობს მთავრობაც და მის დაქვემდებარებაში არსებული სახელმწიფო კომპანია სპირტს და ღვინო-მასალას ამზადებს, რასაც შემდეგ საბითუმო ბაზარზე ყიდის.

მიუხედავად იმისა, რომ სუბსიდირებასთან დაკავშირებით არსებობს პოზიტიური მოსაზრებები, რომელთა თანახმადაც, მან შეიძლება დადებითად იმოქმედოს საწარმოს საქმიანობაზე, გაზარდოს საქონლის მიწოდება, შეამციროს მისი ფასი და გახადოს ის უფრო ხელმისაწვდომი, ქვეყნის მეღვინეობის სექტორში თითქმის ყველა თანხმდება, რომ ამ პრაქტიკას სექტორზე უარყოფითი გავლენა აქვს.

სუბსიდირების შედეგად კონკრეტული სექტორი თუ რეგიონი უპირატეს მდგომარეობაშია სხვებთან შედარებით, რაც არათანაბარ გარემოს ქმნის და ინვესტიციები არაეფექტიანად ნაწილდება - ის სექტორი, რომელიც სუბსიდიით სარგებლობს, მწარმოებლებისთვის უფრო მიმზიდველი ხდება. სუბსიდირება ჭარბი წარმოების გამომწვევიცაა, როდესაც ფერმერმა იცის, რომ მისი მოსავალი გაუყიდავი არ დარჩება, ის აღარ ზრუნავს ხარისხზე და აწარმოებს საჭიროზე მეტ ყურძენს, ამ უხარისხო ყურძნის ჩაბარება კი შემდეგ სახელმწიფო კომპანიებს უწევთ, რომლისგანაც ისინი სპირტს და ღვინო-მასალას ამზადებენ და შემდეგ საბითუმო ბაზარზე ყიდიან.

მთავრობას რომ ყურძნის სუბსიდირებიდან გამოსვლა სურს, ამის შესახებ წელს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ ისაუბრა, თუმცა აღნიშნა ისიც, რომ ეს რთული იქნება. სუბსიდირების შეწყვეტა პოლიტიკურად არაპოპულარული გადაწყვეტილებაა და სწორედ ამიტომ აგრძელებს მთავრობა ბიუჯეტიდან თანხის მსუყედ ხარჯვას ამ მიმართულებით, მიუხედავად მისი უარყოფითი შედეგებისა.

კახი ჩაკვეტაძე