სახელმწიფო სტრუქტურებში ქრთამის მიცემის ფაქტები 33.33%-ით გაიზარდა

2022 წლის იანვარ-ივლისში სამოხელეო დანაშაული 8.47%-ით შემცირდა. ამის შესახებ ოფიციალურ სტატისტიკას შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს.

კერძოდ, უწყების ცნობით, მიმდინარე წლის 1-ელ 7 თვეში სამოხელეო დანაშაულის 346 რეგისტრირებული ფაქტი გამოვლინდა, საიდანაც 23.12% ანუ 80 შემთხვევა გაიხსნა. 2021 წლის იანვარ-ივლისში კი ამ სახის დანაშაულის 378 ფაქტი აღირიცხა და მათგან 79, ანუ 20.9% გაიხსნა.

ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-ივლისში სახელმწიფო სტრუქტურებში გაიზარდა სამსახურებრივი გულგრილობის, სამსახურებრივი სიყალბის და ქრთამის მიცემის ფაქტები, შესაბამისად, 51.35%-ით; 32.26%-თა და 33.33%-ით.

კერძოდ, იანვარ-ივლისში სამსახურებრივი გულგრილობის - 56, სამსახურებრივი სიყალბის - 41; და ქრთამის მიცემის - 8 შემთხვევა დაფიქსირდა. ყველა სხვა ტიპის დანაშაულები კი შემცირებულია.

შს სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით, 2022 წლის იანვარ-ივლისში სამოხელეო დანაშაულის რეგისტრირებული ფაქტებიდან 62 - სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების; 137 - სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, 21 - ქრთამის აღების შემთხვევა დაფიქსირდა.

თაია არდოტელი