დაინტერესდება თუ არა კონკურენციის სააგენტო ფარმაცევტული ბიზნესით?

”ვერავინ დაგვდებს ბრალს, რომ შეთანხმებული ფასები გვაქვს”

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, კონკურენციის სააგენტო ამ ეტაპზე ნავთობპროდუქტების ბაზარს სწავლობს, თუმცა მოქმედ მთავრობას ხელისუფლებაში მოსვლამდე შეკითხვები სხვა ბიზნესებთან, მათ შორის ფარმაცევტულ სექტორთანაც ჰქონდა. შესაძლებელია თუ არა, რომ კონკურენციის სააგენტო მომავალში ფარმაცევტული კომპანიების საქმინობით დაინტერესდეს? - ამ შეკითხვას, კომპანია ”ავერსის” დამფუძნებელმა პაატა კურტანიძემ, გადაცემა ბიზნეს PRESS-ში უპასუხა, რომელიც ”პალიტრა TV”-ის ეთერში, 9 მარტს, 22:30-ზე გავა.

”ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, დაინტერესდებიან თუ არ დაინტერესდებიან, პირიქით, დღევანდელ ფარმაცევტულ ბაზარზე იმდენად დაძაბული კონკურენციაა, რომ შეიძლება კანონი შემოსაღები იყოს იმაზე კი არა, რომ უფრო მეტად არ გაძვირდეს წამალი და მეტი დარიცხვა არ იყოს, არამედ იმაზე, რომ ზარალზე არ გაყიდონ კომპანიებმა. ძალიან მწვავე კონკურენციაა. თქვენც ხედავთ და მომხმარებელიც, ერთი კომპანია რაღაც ფასდაკლების აქციას აკეთებს, მეორე უფრო მეტს, მესამე უფრო მეტს და ყოველდღიური ბრძოლა არის ფასების ჩვენს სფეროში. ასე რომ, ვერავინ დაგვდებს ბრალს, რომ ან შეთანხმებული ფასები გვაქვს, ან რაღაც კარტელური გარიგებები. თუ შეისწავლიან, ჩვენთვის კიდევ უკეთესი, იმიტომ, რომ დღემდე ყველა ის ბრალდება, რომ არის მონოპოლია, ოლიგოპოლია და ასე შემდეგ, არის ცარიელი სიტყვები და არავის კონკრეტული, ობიექტური კვლევა არ ჩაუტარებია ამ საკითხთან დაკავშირებით”, - განაცხადა პაატა კურტანიძემ.