მეორად ავტონაწილებზე მოთხოვნა შემცირდა

მეორად ავტონაწილებზე მოთხოვნა 80-95%-ით არის შემცირებული.

”ელიავას” ბაზრობაზე მუშაობამ აზრი დაკარგა. ელიავას ბაზრობის მოვაჭრეები ამბობენ, რომ დიდ კრიზისში არიან და რეალიზაცია თითქმის შეჩერდა. ავტონაწილებზე მოთხოვნის კატასტროფულ შემცირებას ისინი, ძირითადად, ეკონომიკურ პროცესებს უკავშირებენ. "ასეთი რთული სიტუაცია ბაზრობას არ ახსოვს. ამ გზით პურის ფულსაც ვეღარ ვშოულობთ. ბოლო ორ თვეში ნავაჭრმა 100 ლარი შეადგინა. კაციშვილი აღარ შემოდის ბაზრობაზე. ხალხი მშიერია და ნაწილი ვის რად უნდა?! სომხები და აზერბაიჯანელები რომ არ იყვნენ, საერთოდ არ გვექნებოდა ვაჭრობა. უმუშევრობამ ბანკშიც პრობლემები შემიქმნა. ყოველ თვე 813$-ს ვიხდი და ახლა ამის საშუალება აღარ მაქვს,"-აცხადებს, ამირან მამუკელაშვილი, მოვაჭრე.

მისი კოლეგა ზაურ ადუაშვილი რეალიზაციის შემცირებას ლარის გაუფასურებას უკავშირებს. "არ არის ხალხში ფული და არ შემოდის ხალხი. რაც იყიდებოდა, ისიც აღარ იყიდება. ამხელა ბაზრობა ტაქსისტების იმედად დარჩა. ხანდახან ისინი შემოგვივლიან და ორიოდე რაღაცას იყიდიან ხოლმე. ეს არის და ეს. უკიდურესი აუცილებლობა თუ არ მოითხოვს, მძღოლები სათადარიგო ნაწილს აღარ ყიდულობენ."

მოვაჭრეების ინფორმაციით, მოთხოვნის კლება თითქმის ყველა მარკის ავტონაწილს შეეხო. ზოგადად კი, სავალი ნაწილები უფრო იყიდება, ვიდრე ძრავის. ფასი ხარისხიდან და საჭიროებიდან გამომდინარე 5-10 ლარიდან იწყება და 1000 ლარსაც აჭარბებს. მოვაჭრეები რეალიზაციის შემცირებას სავალუტო პროცესებთან ერთად კონკურენციასაც უკავშირებენ. ისინი ფიქრობენ, რომ ახალი მაღაზიებისა და ბაზრობების მომრავლებამ მათ ბიზნესს სერიოზული საფრთხე შეუქმნა. თუ ასე გაგრძელდა მოვაჭრეები ქირის გადახდას ვეღარ შეძლებენ და ბაზრობის დატოვება მოუწევთ.

თიკო გურაშვილი