ამერიკელმა დეგუსტატორებმა 150 წლის ღვინო დააგემოვნეს

უძველესი ღვინო 4 წლის წინ ბერმუდის კუნძულებთან 1864 წელს ჩაძირულ გემზე აღმოაჩინეს.

"როიტერის" ცნობით, ღვინის დეგუსტაციის ცერემონიალი სამხრეთ კაროლინის შტატის ქალაქ ჩარლსტონში კერძების ფესტივალის ფარგლებში გაიმართა. ათობით ადამიანმა იყიდა ბილეთი აღნიშნულ ღონისძიებაზე მოსახვედრად, რათა უძველესი ღვინის დეგუსტაციის ცერემონიალს დასწრებოდა. ღვინის ბოთლი დაახლოებით 150 წლის განმავლობაში იყო ოკეანის ფსკერზე, რის გამოც მას ფერი შეცვლოდა. რაც შეეხება გემოს, სომელიეების თქმით, მას მარილიანი წყლის, ძმრის, საწვავის და გოგირდის გემო დაჰკრავდა.

გემი "მერი სელესტია", რომელშიც აღმოაჩინეს უძველესი ღვინო, აშშ-ის სამოქალაქო ომის პერიოდში ჩაიძირა. მას ამერიკის კონფედერაციის არმიისთვის საჭირო ტვირთი გადაჰქონდა, როდესაც ბერმუდის კუნძულებთან რიფს შეეჯახა და კატასტროფა განიცადა.