ბრიტანეთის ახალი პრემიერის რისკიანი ეკონომიკური გეგმები - რის შეცვლას აპირებს ელიზაბეტ ტრასი

დიდ ბრიტანეთს ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს. 8 კანდიდატის რბოლაში შემორჩენილ ორ მთავარ მეტოქეს, რიში სუნაკსა და ელიზაბეტ ტრასს შორის კონსერვატიული პარტიის ამომრჩეველთა გულის მოგება მეორემ უფრო კარგად შეძლო და ხმების 57%-იც მოაგროვა.

დაუნინგ 10-ის ახალ მობინადრეს წინამორბედისგან რიგი პრობლემები დარჩა მემკვიდრეობით - 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი, ინფლაციის 10.1%-იანი დონე, ენერგოკრიზისი, რეცესიის აჩრდილი, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის ურთიერთობები იმ გამოწვევათა არასრული ჩამონათვალია, რომელიც ტრასმა ბორის ჯონსონისგან გადაიბარა.

ლიზ ტრასის გუნდის ეკონომიკური გეგმის ზუსტი დეტალები ჯერ საჯარო არაა, თუმცა ცნობილია, რა პრიორიტეტები ექნება ახალ პრემიერს, რომელიც აპირებს ზედმიწევნით იხელმძღვანელოს პარტიის მანიფესტით.

გაერთიანებული სამეფოს დედოფლის სეხნიის ეკონომიკური პოლიტიკა სამ მთავარ განშტოებად იყოფა: გადასახადების შემცირება, ინფლაციის კონტროლი და ეკონომიკური ზრდა.

დამდეგი ზამთრის წინ ტრასის გუნდმა უკვე შეიმუშავა ბრიტანეთის ისტორიაში უპრეცედენტო 150 მილიარდ დოლარიანი გეგმა ენერგოკრიზისთან გასამკლავებლად, რომელიც 18 თვის განმავლობაში იქნება ძალაში და მიზნად ისახავს ელექტროენერგიასა და გაზზე გადასახადების გაყინვას.

ტრასი არ ემხრობა ენერგიის რაციონირებას და მოსახლეობას ჰპირდება, რომ მონახავს გზას ენერგიის მიწოდების გაზრდისკენ. ის ჩრდილოეთის ზღვაში მეტი ნავთობის მოპოვებისთვის ახალი ნებართვების გაცემასაც აპირებს.

ენერგორესურსების ფასების ზრდას ბრიტანეთის ინფლაციის დონეზე დიდი გავლენა აქვს - რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ ქვეყანაში ენერგიის გადასახადები 80%-ითაა გაზრდილი.

ინგლისის ეროვნული ბანკის პროგნოზით, წლის ბოლოს ქვეყანაში სამომხმარებლო ფასების ზრდის დონე 13%-ს მიაღწევს. მსოფლიოს წამყვანი საინვესტიციო ბანკის, Goldman Sachs-ის თანახმად, კიდევ უფრო რთული იქნება მომავალი წელი და ინფლაციის მაჩვენებელი 25%-იან ნიშნულს გაუტოლდება.

ლიზ ტრასი იმედოვნებს, რომ მზარდ ინფლაციას გადასახადების შემცირებით გაუმკლავდება. პრემიერის ხედვით, გადასახადების კლება ფასებსაც შეამცირებს, ბიზნესებს ინვესტირებისთვის მეტ რესურსს გაუჩენს, შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და წაახალისებს ეკონომიკურ ზრდას. სხვადასხვა გამოთვლებით, პირად შემოსავალსა და ბიზნესზე გადასახადების დაწევამ მოსახლეობას 40 მილიონ დოლარზე მეტი უნდა გამოუთავისუფლოს.

ეკონომისტების ნაწილი და პოლიტიკოსები ოპოზიციიდან ტრასის ხედვას ეჭვის თვალით უყურებენ. მათ მიაჩნიათ, რომ ეკონომიკური თეორია და ისტორიული გამოცდილება სხვა რამეს აჩვენებს - გადასახადების შემცირება მომხმარებლის ჯიბეში მეტ ფულს გააჩენს, რომლითაც ისინი მეტი პროდუქციის შეძენას მოინდომებენ, რაც მოთხოვნას გაზრდის, მოთხოვნის ზრდას კი, თავის მხრივ, ფასების, ინფლაციური წნეხის ზრდა მოჰყვება თან და გაჩნდება მდგომარეობა, როდესაც „მეტისმეტად მცირერიცხოვან საქონელზე მეტისმეტად ბევრი ფული ნადირობს“.

ეკონომისტები შიშობენ იმასაც, რომ ეკონომიკური ზრდა ბიუჯეტში გადასახადების შემცირებით გამოწვეულ დანაკლისს ვერ დააბალანსებს და გამომდინარე იქიდან, რომ ლიზ ტრასი არც ახალი გადასახადების დაწესებას ემხრობა, გრძელვადიან პერიოდში, მოსახლეობის გაზრდილი ხარჯების შემსუბუქებისთვის ფინანსების მოძიება მას ვალის აღებით ან გადასახადების კვლავ გაზრდით მოუწევს.

ეკონომისტები არც მოთხოვნის სტიმულირებით რეცესიიდან გამოსვლას მიიჩნევენ კარგ იდეად, რადგან თუ ფულის მასის ზრდა ინფლაციის ზრდასაც გამოიწვევს, ეროვნულ ბანკი იძულებული გახდება გაზარდოს საპროცენტო განაკვეთები, ეს კი მოთხოვნას კვლავ შეამცირებს და ეკონომიკურ აქტივობას შეზღუდავს.

პრობლემათა გრძელ სიას ემატება ორად გაყოფილი კონსერვატიული პარტიის ამომრჩეველიც და არჩევნებში მცირე სხვაობით გამარჯვება. ახალ პრემიერს ბეწვის ხიდზე მოუწევს გავლა და ბალანსის შენარჩუნება. მისი უმთავრესი პრიორიტეტია, რომ ეკონომიკა კვლავ ზრდის გზაზე დააყენოს და მიაჩნია, რომ რეცესია გარდაუვალი არაა.

ლიზ ტრასის მიზანი 2.5%-იანი ეკონომიკური ზრდაა, თუმცა გუნდში აცნობიერებენ იმასაც, რომ შტორმში ნაპირამდე მისასვლელი გზის გაკვლევას დიდი ძალისხმევაც დასჭირდება. ხოლო გამოუვა თუ არა ქვეყნის მესამე ქალ პრემიერს ბრიტანეთის ეკონომიკის ფეხზე დაყენება, ამის ჩვენება მხოლოდ დროს შეუძლია.

კახი ჩაკვეტაძე