გზებზე სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის  კონტროლი იგეგმება - 4 ქალაქი, სადაც ცვლილება ამოქმედდება

გზებზე სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლი იგეგმება. ამის შესახებ პარლამენტის 2022 წლის საშემოდგომო სესიისთვის გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიანი გეგმაშია აღნიშნული.

კერძოდ, როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში უნდა განხორციელდეს ცვლილებები, რომლის შესაბამისადაც სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოახდენს სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის გზებზე კონტროლს.

ამასთან, გეგმაში ნათქვამია, რომ კონტროლი უნდა დაიწყოს დასაწყისისათვის მსხვილ ქალაქებში, როგორიცაა: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი და ბათუმი.

„კერძოდ, დეპარტამენტი უზრუნველყოფს იმ სატრანსპორტო საშუალებათა მძღოლების დაჯარიმებას, რომელთა სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვში დამაბინძურებელ ნივთიერებათა შემცველობა გადააჭარბებს დადგენილ ნორმას,“- ნათქვამია სამთავრობო გეგმაში.

თაია არდოტელი