გლობალური რეცესიის მოლოდინის ფონზე მეტალებზე და ნავთობზე ფასებმა იკლო

სამრეწველო მეტალებზე ფასი მკვეთრად შეიცვალა და კლებისკენ წავიდა. ამის მიზეზი კი ევროპაში ენერგოკრიზისის გამწვავება და ჩინეთში წარმოების ტემპების შენელებაა, რამაც ტრეიდერები დააფრთხო - წერს Financial Times-ი.

გამოცემის ინფორმაციით, S&P GSCI ინდექსი აგვსიტოდან მოყოლებული 9%-ით არის შემცირებული, ხოლო წლის განმავლობაში მთელი 17%-ით.

ანალიტიკოსების შეფასებით, მეტალებზე ფასის კლებაში მთავარ ფაქტორად რჩება მოსალოდნელი ენერგოკრიზისი ევროპაში და მისგან გამოწვეული ეკონომიკური რეცესია.

„ტრეიდერებისთვის ახლა მთავარი კიხთვა ის კი არ არის, იქნება თუ არა გლობალური ეკონომიკური რეცესია, არამედ ის, რამდენად ღრმა იქნება ის“, - წერს გამოცემა.

ამასთანავე, ანალიტიკოსები დამატებით ფაქტორად ასახელებენ ჩინეთში მრეწველობის ზრდის ტემპების შენელებას და ჩინური ეროვნული ვალუტის ამერიკულ დოლართან გაუფასურებას, რომელმაც იუანით მისი შესყიდვა გააძვირა.

რაც შეეხება ნავთობს, აღნიშნული ფაქტორები გავლენას ახდენს ნავთობის გლობალურ ფასზეც, გუშინ ბრიტანული Brent მარკის ნავთობის ფასი 93 დოლარამდე გაიაფდა, ხოლო ამერიკული WTI ნავთობის ფასი 86 დოლარამდე დაეცა. ნავთობის ფასზე ნეგატიური გავლენა იქონია ასევე ჩინეთის ცალკეულ რეგიონებში მკაცრი ლოქდაუნების შემოღებამ.

კოკა კვირკველია