საქართველოდან გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა 163,5%-ით გაიზარდა - ქვეყანა Top-5-შია

2022 წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა 163,5%-ით გაიზარდა. კერძოდ, გერმანიის ლტოლვილთა და მიგრანტების ფედერალური ოფისის სტატისტიკის მიხედვით, წელს 7 თვეში ლტოლვილის სტატუსი საქართველოს 3 966-მა მოქალაქემ მოითხოვა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 1 505-მა.

მთლიანად კი ამ დროისთვის ლტოლვილის სტატუსის მიღებაზე განაცხადი საქართველოს 4 475 მოქალაქეს აქვს დაწერილი, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 150%-ით მეტია. 2021 წლის 7 თვეში ფედერაციულ რესპუბლიკაში ლტოლვილის სტატუსს საქართველოს 1 805 მოქალაქე ითხოვდა.

ამავე სტატისტიკით, მთლიანად წელს იანვარ-ივლისში გერმანიაში თავშესაფრის მიღებაზე განაცხადი სხვადასხვა ქვეყნის 98 395-მა მოქალაქემ დაწერა. მიუხედავად იმისა, რომ ამ მაჩვენებელში ქართველების წილი მცირეა, საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში თავშესაფრის მიღების მოთხოვნის მსურველთა ხუთეულში მაინც შედიან.

წელს 7 თვეში გერმანიაში თავშესაფარზე ყველაზე მეტი განაცხადი სირიის მოქალაქეებმა დაწერეს - 28,709 (29,2%); მეორე ადგილზეა ავღანეთი - 17 042 (17,3%) განაცხადით, სამეულში შედის ერაყი, საიდანაც გერმანიაში თავშესაფარი 8 843-მა მოქალაქემ ითხოვა, რაც მთლიანი მაჩვენებლის 9%-ია. ხუთეულში შედიან თურქეთი - 7 621 (7,7%) განაცხადი და საქართველო - 3 966 (4%) განაცხადი.