პარკირების წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა - სანქცია გახუთმაგდა

პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და 81 ხმით დაამტკიცა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები, რომლის მიხედვით, დგომა-გაჩერების წესების დარღვევაზე ჯარიმები მკაცრდება.

პროექტის თანახმად, ტაქსის პარკირებისთვის განკუთვნილ ადგილზე იმ სატრანსპორტო საშუალების პარკირება, რომელზედაც ტაქსით გადაყვანის ნებართვა გაცემული არ არის და რომლის ტაქსის პარკირებისთვის განკუთვნილ ადგილზე პარკირება მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს მიერ დაშვებული არ არის, გამოიწვევს დაჯარიმებას - 100 ლარის ოდენობით. სატრანსპორტო საშუალების გზაზე მიტოვება კი, გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

ამასთან, თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში პარკირების ადგილზე საფასურის გადახდის გარეშე სატრანსპორტო საშუალების დგომა გამოიწვევს დაჯარიმებას - 50 ლარის ოდენობით, ხოლო ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალების დამუხტვის ადგილზე სატრანსპორტო საშუალების პარკირება დასამუხტ მოწყობილობასთან მიერთების გარეშე, გამოიწვევს დაჯარიმებას - 100 ლარის ოდენობით.

არაუფლებამოსილი პირის მიერ ავტომობილის პარკირება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის განსაზღვრულ პარკირების ადგილზე - გამოიწვევს ასევე პირის 100 ლარით დაჯარიმებას.

პარლამენტის მიერ დამტკიცებული ცვლილებით, თბილისის საზღვრებში პარკირების ადგილზე მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების სახეობის გარდა, სხვა სახის სატრანსპორტო საშუალების დგომა გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარით, ხოლო სატრანსპორტო საშუალების პარკირების სხვა წესის დარღვევა – 50 ლარიან ჯარიმას.

თაია არდოტელი