Bloomberg - რუსეთის ეკონომიკა ისე დაეცემა, რომ 2021 წლის დონეს ათწლეულის ბოლოშიც ვერ მიაღწევს

სანქციების გამო რუსეთის ეკონომიკის რეცესია შესაძლოა, უფრო ხანგრძლივი და ღრმა აღმოჩნდეს, ვიდრე ამას ქვეყნის ხელისუფლება საჯაროდ აცხადებს. ამის შესახებ ფედერაციის მთავრობის „არასაჯარო მოხსენებაში“ არის ნათქვამი, რომელიც Bloomberg-მა მოიპოვა.

„სამიზნე“ და „ინერციული“ სცენარის მიხედვით, 2022 და 2023 წლებში რუსეთის ეკონომიკა დაეცემა, თუმცა შემდეგ ზრდაზე გადავა. ამასთან, „ინერციულ“ სცენარში რუსეთის ეკონომიკა 2023 წელს ერთბაშად 8,3%-ით დაეცემა და 2021 წლის დონეს მხოლოდ 2028 წელს დაუბრუნდება. ყველაზე უარესი სცენარით, ეკონომიკა 2022 წელს 4,2%-ით, 2023 წელს 11%-ით, ხოლო 2024 წელს 11,9%-ით დაეცემა. ამ შემთხვევაში, პროგნოზის მიხედვით, რუსეთის მშპ 2021 წლის დონემდე მიმდინარე ათწლეულის ბოლომდე არ აიწევს და 2030 წელს 3,6%-ით ნაკლები იქნება. „სამიზნე“ სცენარი ვარაუდობს, რომ წელს რუსეთის მშპ, 2021 წელთან შედარებით, 16,9%-ით მეტი იქნება.

ყველა სცენარში აღნიშნულია, რომ სანქციების ზეწოლა გაიზრდება. ასევე, შესაძლოა, გაიზარდოს იმ ქვეყნების რაოდენობა, რომლებიც სანქციებს შეუერთდებიან. ანგარიშიდან Bloomberg ციტირებს, რომ ევროპაში გაზის ექსპორტის სრული შეწყვეტა შესაძლოა, ფედერაციის ბიუჯეტს საგადასახადო შემოსავლის სახით წელიწადში 400 მლრდ რუბლი (6 524 005 604 დოლარი) დაუჯდეს, ხოლო ახალი ბაზრებით ამ თანხის შევსება თუნდაც საშუალოვადიან პერსპექტივაში შეუძლებელი იქნება.

„ამასთან, რუსულ ნავთობზე ევროპის უარი წარმოების შემცირების პროვოცირებას გამოიწვევს, რამაც შესაძლოა, რუსეთის ბაზარზე საწვავის დეფიციტი გამოიწვიოს. ასევე, შემცირდება გაზის წარმოება, რაც შიდა მომარაგების გაფართოებისა და თხევადი ბუნებრივი აირის წარმოების გაზრდაზე ხელისუფლების გეგმებს საფრთხეს შეუქმნის. ლითონის მწარმოებლები სანქციების გამო წელიწადში 5,7 მლრდ დოლარს დაკარგავენ,“ - წერს სააგენტო მოხსენებაზე დაყრდნობით.

მასში, ასევე, ნათქვამია, რომ 200 000-მდე IT პროფესიონალმა რუსეთი შესაძლოა, 2025 წლისთვის დატოვოს. Bloomberg ამას „ტვინების გადინების“ პირველ ოფიციალურ შეფასებას უწოდებს. გარდა ამისა, ანგარიშში პროგნოზირებულია წარმოების შემცირება მომდევნო ორი წლის განმავლობაში ექსპორტზე ორიენტირებულ რიგ სექტორებში, როგორიც არის ნავთობი და გაზი, ქიმიკატები და ლითონი.

სააგენტოს ცნობით, მოხსენება მთავრობისთვის ოფიციალურმა პირებმა და ექსპერტებმა მოამზადეს, რომ შეზღუდვებისა და „იზოლაციის“ რეალური გავლენა შეეფასებინათ. Bloomberg იუწყება, რომ ანგარიში 30 აგვისტოს, დახურულ სხდომაზე განიხილეს. სააგენტოს რამდენიმე წყარო, რომელიც ამ დისკუსიას იცნობს, დოკუმენტის ავთენტურობას ადასტურებს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ