„საქმე მარტო რუსებს და ბელარუსებს არ ეხებათ, ქართველებმაც კარგად ისწავლეს ეს მეთოდი“ - იურისტი ბინების გაქირავებაზე

ბოლო დროს გახშირდა რუსებისა და ბელარუსების მხრიდან, მეპატრონისგან დამოუკიდებლად ბინაში ჩაწერის ფაქტები, რამაც საზოგადოებაში ერთგვარი შეშფოთება გამოიწვია. თუმცა, როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას იურისტი, GLG ქართული სამართლის ჯგუფის იურისტი, ნუგზარ ტატიშვილი აცხადებს, თუ ასეთი შემთხვევა მოხდა, ქონების დაკარგვის საფრთხე ამ დროს დღის წესრიგში არ დგება.

„ამ შემთხვევაში ვერც ბინის დასაკუთრება მოხდება და არც სხვა უფლებები ამ ადამიანებს არ ენიჭებათ. მხოლოდ ჩაწერა, სამართლებრივად არანაირი ძალის მქონე არ არის. ერთადერთი, ეს შეიძლება იმისთვის კეთდებოდეს, რომ კომპანიას ან ინდ. მეწარმეს თუ არეგისტრირებენ, იქ იყოს მითითებული მისამართი. რაიმე სახის უფლებას ბინასთან დაკავშირებით, ამ გზით, ვერ ღებულობენ“, - განუცხადა „ბიზნესპრესნიუსს“ ნუგზარ ტატიშვილმა.

მისი თქმით, ბოლო დროს მკვეთრად მომრავლდა მომართვიანობა, როდესაც მეპატრონეს ფულს აღარ უხდიან და არც ბინას ცლიან.

„ამ შემთხვევაში, სამწუხაროდ, აღარ არსებობს საპოლიციო გამოსახლება და გამოსავალი არის სასამართლო დავა, რომელიც ხშირ შემთხვევაში, წლები იწელება. მინდა გითხრათ, რომ კი, მომართვიანობა ნამდვილად გაზრდილია ამ პრობლემასთან დაკავშირებით, მაგრამ საქმე მარტო რუსებს და ბელარუსებს არ ეხებათ, ქართველებმაც კარგად ისწავლეს ეს მეთოდი და ისინიც საკმაოდ ხშირად იყენებენ მას.

ემოციურად კი, ეს საკმაოდ რთული მომენტია - პროცესზე მოდიან ატირებული ბავშვებით და ცდილობენ, მოსამართლეებზე მოახდინონ ზეგავლენა, რომ პროცესი გაჭიანურდეს და დროში გაიწელოს“, - განაცხადა ნუგზარ ტატიშვილმა.

ეკა დარჩიაშვილი