მინისტრის მოადგილე - კახეთში რთველი ორგანიზებულად მიმდინარეობს

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 7 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში 22 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული.

მათივე ცნობით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე თელავში, საკოორდინაციო შტაბში რთველის მიმდინარეობას გაეცნო.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, რთველის პროცესში ყველა პირობა შექმნილია, რომ მევენახეებმა ყურძნის მოსავალი საწარმოებს შეფერხების გარეშე ჩააბარონ.

„წელს ველოდებით რეკორდულ 300 ათასამდე ტონა ყურძნის მოსავალს. ჩვენი ამოცანაა, მევენახებს მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ჩვენს ყურძნის ჩაბარების პროცესში. რთველის საკოორდინაციო შტაბი არის სრულად მობილიზებული, რომ რთველი შეფერხებების გარეშე წარიმართოს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ღვინის საწარმოებში ჩაბარდეს კონდიციური, ხარისხიანი ყურძენი, რადგან სწორედ ხარისხიანი ყურძენი განსაზღვრავს ღვინის ხარისხს და შემდგომ მის კონკურენტუნარიანობას“, - აღნიშნა იური ნოზაძემ.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 7 სექტემბრის მდგომარეობით, ყურძენი 1400-მდე მევენახემ ჩააბარა, მათი შემოსავალი 17 მლნ ლარს აღწევს. „გადამუშავებული ყურძნიდან 7,8 ათას ტონამდე რქაწითელი, 9,6 ათას ტონამდე საფერავი, 2 ათას ტონამდე კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2022 წლის რთველის მხარდასაჭერად, სუბსიდირების პროგრამა განხორციელდება. პროგრამის მიზანია სრულად დაბინავდეს ყურძნის მოსავალი და შენარჩუნდეს მევენახეობა-მეღვინეობის დარგის სტაბილური განვითარების დინამიკა.

სუბსიდირების პროგრამის მხარდაჭერით, მოსავლის რეალიზაციას 25 ათასამდე მევენახე ფერმერი შეძლებს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.