პუტინი უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტის შეზღუდვით იმუქრება

რუსეთმა შესაძლოა, უკრაინიდან მარცვლეულისა და საკვები პროდუქტების ექსპორტი შეზღუდოს, რადგან ის ღარიბ ქვეყნებში კი არა, ევროპაში იგზავნება. ამის შესახებ პუტინმა ვლადივოსტოკში გამართულ აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა, რასაც „ინტერფაქსი“ ავრცელებს.

ის საკითხის განხილვას თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან აპირებს.

„ჩვენ, თურქეთთან ერთად, ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი განახლებულიყო. თუკი თურქეთს, როგორც შუამავალ ქვეყანას გამოვრიცხავთ, გამოდის, რომ უკრაინიდან ექსპორტირებული მარცვლეულის, თითქმის, მთლიანი მოცულობა განვითარებად, უღარიბეს ქვეყნებში კი არა, ევროკავშირში იგზავნება,“ - აცხადებს პუტინი.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის ფარგლებში, „87-დან მხოლოდ ორი ხომალდი დაიტვირთა, რომლითაც 2 მილიონი ტონიდან მხოლოდ 60 ათასი ტონა სურსათი გავიდა.“

პუტინის შეფასებით, „მრავალი ევროპული ქვეყანა, როგორც ბოლო ათწლეულებსა და საუკუნეებში, დღესაც კოლონიალისტებივით მოქმედებს.“

„მათ კიდევ ერთხელ მოატყუეს განვითარებადი ქვეყნები და აგრძელებენ მოტყუებას. ცხადია, ამ მიდგომით მსოფლიოში სასურსათო პრობლემების მასშტაბი მხოლოდ გაიზრდება, რამაც შესაძლოა, უპრეცედენტო ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვიოს. იქნებ, ვიფიქროთ ამ მარშრუტზე მარცვლეულისა და სურსათის ექსპორტის შეზღუდვაზე. ამ საკითხს თურქეთის პრეზიდენტთან, ბატონ ერდოღანთან აუცილებლად განვიხილავ,“ - აცხადებს პუტინი.

22 ივლისს, სტამბულში რუსეთის, უკრაინის, თურქეთისა და გაეროს წარმომადგენლებმა უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის ჩერნომორსკის, ოდესისა და იუჟნის პორტებიდან საზღვაო დერეფნის შექმნის შეთანხმებას მოაწერეს ხელი, ხოლო ტვირთებისა და გემების კონტროლისთვის სტამბოლში საკოორდინაციო ცენტრი დაარსდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ