გიორგი ხანიშვილი თაფლის მწარმოებლებსა და ექსპორტიორებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი თაფლის მწარმოებლებსა და ექსპორტიორებს შეხვდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მიზანს მეფუტკრეობის დარგში არსებული გამოწვევების და ექსპორტირების პროცესთან დაკავშირებული საჭიროებების განხილვა წარმოადგენდა.

გიორგი ხანიშვილმა ყურადღება გაამახვილა სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობის საკითხებზე, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების მნიშვნელობასა და დარგში კოოპერაციის ეფექტიანობაზე.

როგორც მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, დარგის განვითარების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამებისა და შესაბამისი ლაბორატორიული უზრუნველყოფის საფუძველზე, ქვეყანას შეუძლია მსოფლიო ბაზარზე პრემიუმ ხარისხის, ბრენდირებული პროდუქციით თავის დამკვიდრება.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო, საექსპორტო დოკუმენტაციის მომზადების გამარტივების საკითხებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.