აჭარის ადგილობრივი მედიასაშუალება TV25 ფინანსურ პრობლემებსა და დახურვის საფრთხეზე საუბრობს

აჭარის ადგილობრივი მედიასაშუალება TV25 ფინანსურ პრობლემებსა და დახურვის საფრთხეზე საუბრობს.

TV25-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის, სულხან მესხიძის განცხადებით, არხი მძიმე ფინანსურ მდგომარეობამდე „ხელისუფლების დაუსაბუთებელმა და მიზანმიმართულმა გადაწყვეტილებებმა“ მიიყვანა.

„არხი მძიმე ფინანსურ მდგომარეობამდე მიიყვანა ხელისუფლების დაუსაბუთებელმა და მიზანმიმართულმა გადაწყვეტილებებმა. რეკლამის შესახებ კანონის გამკაცრებამ, გაზრდილმა გადასახადებმა, ონლაინ თამაშების რეკლამირების აკრძალვამ, სრულმა იგნორმა - აქ იგულისხმება კომენტარებსა და გადაცემაში მონაწილეობაზე უარის თქმა. საერთო ჯამში არაკონკურენტულ და არათანაბარ პირობებში ჩაყენებამ მცირე მედიასაშუალებები ჩამოშლის პირას მიიყვანა.

იმისთვის, რომ მუდმივად ისმოდეს ხალხის ხმა, იმისთვის, რომ დაისვას ობიექტური კითხვები აჭარაში არსებულ პრობლემებზე, მოვიპოვოთ პასუხები იმ საკითხებზე, რაც ხალხს აწუხებს, TV25-ის არსებობა მნიშვნელოვანია.

29 წელი ყოველ დღე მუდმივად ვმუშაობთ იმისთვის, რომ შელამაზების გარეშე მოგიყვეთ, რეგიონსა და ქვეყანაში არსებული პოლიტიკურ-სოციალური მდგომარეობა, ამისთვის კი აუცილებელია, ხელისუფლების, ოპოზიციის, მესამე სექტორის, ბიზნესისა და ერთგული მაყურებლის გვერდში დგომა. გახსოვდეთ, ჩვენ ვმუშაობთ თქვენთვის და გვსურს ასე გავაგრძელოთ და ბოლოს, წარმოიდგინეთ თქვენი ყოველდღიურობა TV25-ის გარეშე“, - წერს სულხან მესხიძე სოციალურ ქსელში.