ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურსა და კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა ლევან კაკავამ და კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მხარეები შეთანხმდნენ თავისუფალი, ჯანსაღი და კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით, აქტიურად ითანამშრომლონ.

„მემორანდუმის თანახმად, იმ შემთხვევების დროს, როდესაც სააგენტო ვერ ახერხებს წერილობითი კორესპონდენციის ადრესატისათვის ჩაბარებას, შემოსავლების სამსახური უზრუნველყოფს აღნიშნული კორესპონდენციის ადრესატისათვის გაგზავნას გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული გვერდის მეშვეობით.

აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში, შემოსავლების სამსახური სააგენტოს 2 სამუშაო დღის ვადაში მიაწვდის ინფორმაციას ადრესატის მხრიდან დოკუმენტის გახსნის/ჩაბარების შესახებ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: gnca_rs@gnca.gov.ge

ამასთან, შემოსავლების სამსახური უზრუნველყოფს მიწოდებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის სრული კონფიდენციალურობის დაცვას და მას გამოიყენებს მხოლოდ ადრესატისათვის გაგზავნის მიზნით. შეხვედრაზე მხარეებმა, ასევე ისაუბრეს ელექტრონული სერვისებით სარგებლობისა და საჯარო ინფორმაციის გაცვლასთან დაკავშირებულ საკითხებზე. შეხვედრას ესწრებოდნენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილეები პაატა კილაძე და ლევან წითელაშვილი, ასევე კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ფერაძე.

მემორანდუმი ძალაში შედის მხარეების მიერ, მისი ხელმოწერის თარიღიდან“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.