TAP 2023 წლიდან გაფართოვდება - „ტრანსადრიატიკის მილსადენის გაფართოება ევროპას ენერგეტიკული ვექტორის შეცვლაში დაეხმარება“

ტრანსადრიატიკის მილსადენის (TAP) გაფართოებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას 2023 წლის დასაწყისში მიიღებენ. ამის შესახებ TAP-ის მმართველმა დირექტორმა, ლუკა სკეპატიმ კონფერენცია Gastech-ის ფარგლებში განაცხადა, რასაც Reuters ავრცელებს.

მან აღნიშნა, რომ დამატებითი გაზის მიწოდება აზერბაიჯანის რამდენიმე საბადოდან განხორციელდება.

„თუ სიმძლავრის გაფართოებაზე საკმარისი მოთხოვნა გაჩნდება, ჩვენ დავიწყებთ ამ პროცესს, რომელიც შესაძლოა, ეტაპობრივად წარიმართოს,“- აცხადებს სკეპატი.

მისი მონაცემებით, ევროპისთვის დამატებითი გაზის პირველი მოცულობის მიწოდებას TAP 36 თვეში შეძლებს, ხოლო 60 თვეში სიმძლავრეს გააორმაგებს.

„ტრანსადრიატიკის მილსადენის გაფართოება ევროპას ენერგეტიკული ვექტორის შეცვლაში დაეხმარება,“ - ამბობს ლუკა სკეპატი.

მისი თქმით, TAP-ის გაფართოების შესაძლებლობა ბაზარზე რეგულარული საბაზრო ცდებით იტესტება. 2021 წლის საბაზრო ტესტები გრძელდება და პირველი ფაზა ნოემბერში გაიმართება. ამასთან, სკეპატიმ აღნიშნა, რომ ნახშირბადის ნეიტრალიტეტის მისაღწევად, ინდუსტრია ამჟამად წყალბადზე არის ფოკუსირებული. პირველადმა კვლევამ, რომელიც 2021 წელს ჩატარდა, დაადასტურა, რომ TAP-ს წყალბადის ტრანსპორტირება შეუძლია.

სამხრეთ დერეფნის გავლით აზერბაიჯანული გაზის მიწოდება ევროპაში 2020 წლის 31 დეკემბერს დაიწყო. ისტორიაში პირველად აზერბაიჯანმა თავისი ბუნებრივი აირი ევროპის ბაზარზე მილსადენით გაიტანა. მსოფლიოში ბუნებრივი აირის უდიდესი იმპორტიორის, ევროპის ბაზართან პირდაპირი წვდომით აზერბაიჯანმა თავისი საექსპორტო შესაძლებლობების დივერსიფიცირება შეძლო. TAP, რომელიც გაზის სამხრეთ დერეფნის ევროპული ნაწილია, იტალიას ყოველწლიურად 8 მილიარდ კუბურ მეტრ, ხოლო საბერძნეთსა და ბულგარეთს სათითაოდ მილიარდ კუბურ მეტრ გაზს აწვდის.

TAP არის „სამხრეთის გაზის კორიდორის“ ბოლო კომპონენტი, TANAP-ის გაგრძელება. ეს უკანასკნელი კი აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის ტერიტორიაზე გადის.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ