მარტი-ივნისის პერიოდში საქართველოში ჯამში, რუსეთის და ბელარუსის 64 742 მოქალაქე დარჩა - IDFI

2022 წლის მარტი-ივნისის თვეებში საქართველოში დარჩა (შემომსვლელთა და გამსვლელთა სხვაობა) ჯამში 64 742 რუსეთის და ბელარუსის მოქალაქე. ამის შესახებ ინფორმაციას თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ავრცელებს.

კერძოდ, მათი ცნობით, აქედან 49 505 რუსეთის, ხოლო 15 237 ბელარუსის მოქალაქე იყო.

კვლევის თანახმად, 2022 წლის მარტი-ივნისის თვეებში, 2019 წლის იგივე პერიოდთან შედარებით, საქართველოში დარჩა (შემომსვლელთა და გამსვლელთა სხვაობა) რუსეთის 16 476-ით მეტი მოქალაქე, ხოლო ბელარუსის 11 531-ით მეტი მოქალაქე.

„შინაგან საქმეთა სამინისტროდან მოწოდებული ყოველთვიური მონაცემების მიხედვით, 2022 წლის მარტი-ივნისი პერიოდში საქართველოში შემოვიდა რუსეთის 277 698 მოქალაქე, უკრაინის 74 385 მოქალაქე, ხოლო ბელარუსის 54 147 მოქალაქე. წინა წლის მარტის თვესთან შედარებით, სამივე ქვეყნის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, თუმცა 2020-2021 წლებში კორონავირუსის პანდემიის დროს არსებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, ტენდეციების თვალსაზრისით უფრო საინტერესოა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით არსებული მდგომარეობა.

2019 წლის მარტის თვესთან შედარებით მნიშვნელოვნად არის გაზრდილი საქართველოში შემომსვლელი ბელარუსის მოქალაქეების რიცხვი. მაგალითად, 2022 წლის მარტში, 2019 წლის მარტის თვესთან შედარებით, ბელარუსის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლის მაჩვნებელი 155%-ით გაიზარდა, უკრაინის მოქალაქეების 1%-ით გაიზარდა, ხოლო რუსეთის მოქალაქეების 56%-ით შემცირდა.

რუსეთ უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის მოქალაქეების ქვეყანაში ვიზიტებთან დაკავშირებით მომდინარე საფრთხეების ანალიზის კუთხით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათი საქართველოში დარჩენის მაჩვენებლების ანალიზი. 2022 წლის მარტი-ივნისის პერიოდში ქვეყანაში შემოსვლის და გასვლის მაჩვენებლებს შორის სხვაობით დგინდება, რომ ამ პერიოდში საქართველოში შემოვიდა რუსეთის 49 505-ით მეტი მოქალაქე, ვიდრე გავიდა ქვეყნიდან, ბელარუსის 15 237-ით მეტი მოქალაქე შემოვიდა, ვიდრე გავიდა, ხოლო უკრაინის 15 050-ით მეტი მოქალაქე. 2019 წლის იგივე პერიოდთან შედარებით საქართველოში დარჩა (შემომსვლელთა და გამსვლელთა სხვაობა) რუსეთის 16 476-ით მეტი მოქალაქე, უკრაინის 10 373-ით მეტი მოქალაქე, ხოლო ბელარუსის 11 531-ით მეტი მოქალაქე.

2022 წლის მარტი-ივნისის პერიოდში ქვეყანაში დარჩა (შემომსვლელთა და გასულთა სხვაობა) შემოსული რუსეთის მოქალაქეების 18%, უკრაინის მოქალაქეების 20%, ხოლო ბელარუსის მოქალაქეების 28%. აღნიშნული მაჩვენებლები მნიშვნელოვნად აღემატება 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს. მაგალითად, 2019 წლის მარტი-ივნისის პერიოდში ვიზიტორი რუსეთის მოქალაქეების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი შეადგენდა 5%-ს, უკრაინის მოქალაქეების - 6%-ს, ხოლო ბელარუსის მოქალაქეების -17-ს%,“- აღნიშნულია IDFI-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თაია არდოტელი