”ავტოგაზის” ყოფილი აქციონერები ჩამორთმეული ქონების უკან დაბრუნებას ითხოვენ

სააქციო საზოგადოება „ავტოგაზის“ ყოფილი აქციონერები საქართველოს პროკურატურაში, ახლად შექმნილი, სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტისგან და მისი უფროსისგან მათი საქმის განხილვის დაუყოვნებლივ დაწყებას ითხოვენ.

2012 წლის მიწურულიდან გაჭიანურებული საქმის სამართლიანი გამოძიებისა და საკუთარი უფლებების აღდგენის იმედი დაზარალებულ ბიზნესმენებს მთავრობის ახალი ინიცატივის შემდეგ გაუჩნდათ.

„დავით ბეჟუაშვილმა, მრავალწლიანი ბრძოლა ჩვენი კომპანიის წინააღმდეგ, ნაციონალური მოძრაობის ლიდერების მეშვეობით დაასრულა და ჩვენი კომპანია, რომლის აღმშენებლობასა და განვითარებაში კოლოსალური ენერგია და რესურსი ჩავდეთ, წაგვართვა“ - განაცხადა კომპანიის ყოფილმა დირექტორმა გიორგი ღოღობერიძემ ტელეკომპანია ”იმედის” გადაცემა ”რეაქციაში” .

„ჩვენ სააქციო საზოგადოება „ავტოგაზის“ საქმის სასწრაფოდ გამოძიებას და კუთვნილი ქონების დაბრუნებას მოვითხოვთ“ - ამბობს ერთ-ერთი აქციონერი თენგიზ მაჭავარიანი.

სააქციო საზოგადოება „ავტოგაზის“ დამცველი, „ადვოკატთა ალიანსის“ ადვოკატი იოსებ ხარატიშვილი:

„ისინი, ვის წინააღმდეგაც აქტიური საგამოძიებო პროცესი უნდა მიმდინარეობდეს, მაღალი რანგის ჩინოვნიკებთან საქმეების „დალაგებაზე“ და დაუსჯელობაზე ხმამაღლა საუბრობენ. ისინი ავრცელებენ ხმებს, რომ დავით ბეჟუაშვილმა თავად ბიძინა ივანიშვილთან მიაღწია შეთანხმებას“.

როგორც აქციონერები აცხადებენ, სააქციო საზოგადოება „ავტოგაზის“ აქციონერებს კომპანიის 50% წილი დეპუტატ დავით ბეჟუაშვილის სასარგებლოდ, 2006 წელს, ზეწოლის შედეგად დაათმობინეს - კომპანიის ორი აქციონერი დააპატიმრეს და საპროცესო შეთანხმება მათთან მხოლოდ მას შემდეგ გააფორმეს, რაც კომპანიის მფლობელები 50% წილის დათმობაზე დაითანხმეს. მოგვიანებით კი დარჩენილი ქონება საბაზრო ღირებულების 15 პროცენტად სრულად წაართვეს. ყოფილი აქციონერების თქმით, პროცესებში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ძმა - დავით სააკაშვილი, მაშინდელი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი, ფინანსური პოლიციის მაშინდელი უფროსი დავით კეზერაშვილი, კახეთის მაშინდელი გუბერნატორი პეტრე ცისკარიშვილი და მათი ქვეშევრდომები იყვნენ ჩართული.