„მწვანე“ საავიაციო საწვავის გამო ევროკავშირის შინაურ ცხოველებს შესაძლოა, საკვების დეფიციტი შეექმნათ

ევროკავშირის გეგმა, რომელიც მდგრადი რეაქტიული საწვავის წარმოებისთვის ცხოველთა გარკვეული ნაწილების გამოყენებას ითვალიწინებს, შინაური ცხოველების კვების მრეწველობას გაანადგურებს, რაც მათი საკვების დეფიციტს გამოიწვევს. ამის შესახებ ევროპის შინაური ცხოველების საკვებით ვაჭრობის ასოციაციის (FEDIAF) განცხადებაში წერია, რასაც Euractiv ავრცელებს.

ევროპარლამენტი და ევროკავშირის საბჭო მწვანე რეაქტიული საწვავის შესახებ კანონის გაფართოების ინიციატივით გამოდიან, რამაც მეცხოველეობის ე.წ. მე-3 კატეგორიის ნარჩენებისგან წარმოებული საწვავიც უნდა მოიცვას.

„მე-3 კატეგორია“ დაკლული ცხოველის საკვებ ნაწილებს მოიცავს, როგორიც არის, მაგალითად, ქათმის ფეხები და რასაც ევროპაში, კულტურული მიზეზების გამო, საკვებად არ იყენებენ. ეს ნარჩენები შინაური ცხოველებისთვის საკვების მოსამზადებლად გამოიყენება, რადგან ისინი ისეთ საკვებ ნივთიერებებს შეიცავენ, რაც სხვა პროდუქტებში ნაკლებად მოიპოვება.

„მე-3 კატეგორიის“ ცხოველური ნარჩენები, ასევე, აუცილებელია ევროპის ოლეოქიმიურ მრეწველობისთვის, რომელიც მათ სარეცხი საშუალებების, საღებავებისა და ფარმაცევტული პრეპარატების წარმოებისთვის იყენებს.

მოელიან, რომ თუ მდგრადი საავიაციო საწვავის განმარტება გაფართოვდება და ის „მე-3 კატეგორიის“ ცხიმებისგან დამზადებულ ბიოსაწვავსაც მოიცავს, ეს სხვა ინდუსტრიების დეფიციტს გამოიწვევს.

„მიზანშეწონილად არ მივიჩნევთ, რომ შინაურ ცხოველთა საკვებისთვის ღირებული ინგრედიენტები, განსაკუთრებით „მე-3 კატეგორიის“ ცხოველური ცხიმები, რომლებიც უკვე დეფიციტურია, თვითმფრინავებში უნდა იქნეს გამოყენებული,“ - აცხადებს FEDIAF-ის პრეზიდენტი, როზა კარბონელი.

მისი აზრით, „ვიდრე მდგრადი საწვავის კვოტები დაწესდება, პოლიტიკის შემქმნელებმა ჯერ უნდა შეაფასონ თავიანთი შესაძლებლობები, აქვთ თუ არა ადამიანებისა და მათი შინაური ცხოველების გამოკვების უნარი.“

ევროკავშირის კანონი ავიაციის შესახებ, ReFuelEU მიზნად ისახავს, კლიმატზე ფრენების გავლენა საწვავის წარმოებაში მდგრადი ალტერნატივის გამოყენებით შეამციროს. „მწვანე“ საავიაციო საწვავი (SAF) სრულყოფილი და გადამუშავებული ბიო და ელექტროსაწვავებისგან იქნება წარმოებული.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ