ხატია დეკანოიძე - არსებობს ანტიკორუფციული ბიურო, სადაც მოვალეობის შემსრულებელია გიზო უგულავა და არის კორუფციის პრევენციის სააგენტო, რომელმაც გამოაქვეყნა ეს სია

უმრავლესობის წევრებს ვურჩევდი დაგუგლონ - არსებობს ანტიკორუფციული ბიურო, სადაც მოვალეობის შემსრულებელი არის გიზო უგულავა და არის მეორე უწყება - კორუფციის პრევენციის სააგენტო, რომელმაც გამოაქვეყნა ეს სია,- ასე პასუხობს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე ჟურნალისტებთან უმრავლესობის წევრთა განცხადებებს, რომ დასანქცირებელი ადამიანების სია, სადაც ბიძინა ივანიშვილია ჩაწერილი, იმ უწყებამ შეადგინა, რომელსაც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული პირი - გიზო უგულავა ხელმძღვანელობს.

„თუ დაგუგლავენ, ნახავენ, რომ სხვადასხვა უწყებებია და სწორედ კორუფციის პრევენციის სააგენტოს ევალება სანქციებთან დაკავშირებული ღონისძიებები, ამიტომ უმრავლესობას ვურჩევდი დაგუგლონ და თუ არ იციან იკითხონ მაინც", - განაცხადა დეკანოიძემ.

ის ევტუშენკოვისა და ივანიშვილის კავშირზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ ივანიშვილს არ უნდა გაუკვირდეს, როცა სანქცირებულთა სიაში აღმოჩნდება.

"ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციები გაიზარდოს - იგი უკვე დასანქცირებულია შვეიცარიული ბანკის მიერ, ეს გამოიხატება მისი კაპიტალის საეჭვო კალათაში გადატანაში, რაც უკავშირდება იმას, რომ ივანიშვილი არის ოლიგარქი. ახლა მოთხოვნილია მისი სანქცირება უკრაინის მიერ. დარწმუნებული ვარ, ივანიშვილის დასანქცირება იქნება რუსეთის ინტერესების საწინააღმდეგო და უკრაინისთვის და ზოგადად, რეგიონისთვის სასარგებლო. ნებისმიერი ადამიანი, ვინც ხელს უწყობს რუსული გავლენების გაზრდას და ფინანსური კაპიტალით ეხმარება რუსული კაპიტალის გაზრდას, დიდი ალბათობაა, რომ სანქციების ქვეშ მოხვდება, ამაში გასაკვირი არაფერია და მგონი, არც ივანიშვილს უნდა გაუკვირდეს,"- განაცხადა დეკანოიძემ.