რა წესით ხელმძღვანელობს მარკ ცუკერბერგი ახალი თანამშრომლის დასაქმებისას

"ფეისბუქის" დამაარსებლისა და აღმასრულებელი დირექტორის მარკ ცუკერბერგის თქმით, კომპანიაში ახალი კადრის აყვანისას ერთადერთი წესით ხელმძღვანელობს.

"სამსახურში მხოლოდ იმ ადამიანს ავიყვან, ვისთვისაც თავად მომინდებოდა მუშაობა. ეს საკმაოდ კარგი ტესტია და ვფიქრობ, ეს წესი კარგად მუშაობს", - განაცხადა მარკ ცუკერბერგმა ბარსელონაში მიმდინარე Mobile World Congress -ზე.

სოციალური ქსელის დამფუძნებელმა ასევე განაცხადა, რომ "ფეისბუქი" არ არის კომპანია, სადაც ყველას შეუძლია მუშაობა.

"ყველაზე მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მცირე გუნდი გყავდეს. "ფეისბუქი" მილიარდობით ადამიანს ემსახურება მსოფლიოს გარშემო, მაგრამ ჩვენს გუნდში 10 ათასზე ნაკლები ადამიანი მუშაობს. ეს მხოლოდ ახალი ტექნოლოგიების წყალობით არის შესაძლებელი”, - აღნიშნა ახალგაზრდა მილიარდერმა.

კონგრესზე შეკრებილებს მარკ ცუკერბერგმა იმ ადამიანებსაც მიმართა, ვისაც ბიზნესში წარმატება სურს.

"ირწმუნეთ საკუთარი თავის და ენდეთ საკუთარ თავს. ახალგაზრდობისას ხშირად გეუბნებიან, რომ საკმარისი გამოცდილება არ გაქვთ  და თქვენზე მეტი გამოცდილების მქონე ადამიანები არსებობენ. "ფეისბუქი" რომ დავაარსე, 19 წლის ვიყავი. ყველას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, რომელიც შეუძლია მსოფლიოს ამცნოს", - ამბობს მარკ ცუკერბერგი.