პურზე ფასების დადგენა სამინისტროს კომპეტენცია საერთოდ არ არის - გიორგი ხანიშვილი

პურზე ფასების დადგენა სამინისტროს კომპეტენცია საერთოდ არ არის, ამიტომ ამას (პურის ფასზე ზედა ზღვარის დაწესებას) ვერც განვიხილავთ - ყოველგვარი ხელოვნური ჩარევა ბიზნესის და ზოგადად, ქვეყნის სასურსათო უზრუნველყოფისთვის დამაზიანებელი იქნება, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რა იქნება სამინისტროს პასუხი „პურის მცხობელთა ასოციაციის“ ინიციატივაზე, რომ პურის ფასის კონტროლის ქვეშ მოსაქცევად, მაღაზიებისთვის პურის ღირებულებაზე ზედა ზღვარი უნდა დაწესდეს.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, ბიზნესისთვის შეზღუდვების დაწესება ქვეყნის ეკონომიკისთვის მისაღები მოდელი არ იქნება.

მისივე თქმით, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შედეგად გამოწვეული პროცესების ფონზე, საქართველოში პურზე საკმაოდ ობიექტური ფასი გვაქვს.

„მაშინ, როდესაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ ჩვენ დამოუკიდებელი საბაზრო თავისუფალი პრინციპები გვაქვს პურშიც, სხვა პროდუქტებშიც, ყველაფერში. რა თქმა უნდა, მე ასოციაციის მაგ წინადადებას გავეცანი, მაგრამ ის მოდელი, რომელი მოდელიც თავისუფალი საბაზრო პრინციპებისთვის მუშაობს, ძალიან სწორი და რეალურია. ჩვენ ამ მოდელის ფარგლებში პურზე საკმაოდ ობიექტური ფასი გვაქვს, იმის ფონზე, რაც რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრას მოყვა. ამიტომ არანაირი შეზღუდვა, რომ ბიზნესი არ განვითარდეს და ამა თუ იმ სასაქონლე ჯგუფზე მას დავუდგინოთ, სად რამდენი მოიგონ. ვფიქრობ, ეს არ არის დღევანდელი ჩვენი ეკონომიკისთვის მისაღები მოდელი.

რეალურად, მიზანშეწონილად არ მიმაჩნია, რომ ეს თემა განვიხილოთ. ფასების კონტროლი სამინისტროს კომპეტენცია საერთოდ არ არის. მაგას სხვა უწყება ფარავს და სხვა უწყების თემაა, მაგრამ ჩვენ რეალურად ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ბაზარზე ჯანსაღი კონკურენცია იყოს. თქვენ იცით, რომ ძალზე ფართოდ არის გავრცელებული ქსელი, რომელიც არის პურის საცხობები. არის ძალიან დიდი ქარხნები, მცირე ქარხნები, თონეები და მათ ფასწარმოქმნის სულ სხვადასხვა მოდელი აქვთ. ამასთანავე, არის უამრავი მაღაზია. ქვეყანაში ათი ათასობით მაღაზიაზეა ლაპარაკი, ამიტომ აქ თავისუფალმა საბაზრო პრინციპებმა უნდა იმუშაოს. ყოველგვარი ხელოვნური ჩარევა ბიზნესის და ზოგადად, ქვეყნის სასურსათო უზრუნველყოფისთვის დამაზიანებელი იქნება,“ - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.