ილია ღუდუშაური - „სოფლად სახლის“ პროგრამის ფარგლებში, წელს 1 800-მდე დევნილ ოჯახს სახლი უკვე გადაეცა

მომდევნო 3 წლის განმავლობაში, 6 000 დევნილი ოჯახი საცხოვრებელ ფართს პროგრამა „სოფლად სახლის“ ფარგლებში მიიღებს, 7 000 დევნილ ოჯახს კი სახელმწიფო 5 დიდ ქალაქში ბინას გადასცემს. რა კრიტერიუმებით შეარჩევენ ოჯახებს და როდის დაიწყება მათი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება, პროგრამის ამ და სხვა დეტალებზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაურმა ისაუბრა.

- როდის დაიწყო და რას ითვალისწინებს იძულებით გადაადგილებულ პირთა გრძელვადიანი განსახლების პროგრამა?

- „მთავრობის გადაწყვეტილებით, 2022 წლიდან დაიწყო იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, 13 000 დევნილ ოჯახს გადაეცემა საცხოვრებელი ფართი. აქედან, 7000 იქნება ახლად აშენებული, ახალი ბინა, რომელიც საქართველოს 5 დიდ ქალაქში აშენდება: თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდში, ბორჯომსა და რუსთავში. ბორჯომსა და რუსთავში ტენდერი უკვე დასრულებულია და ვფიქრობთ, დაახლოებით, 1 თვის ვადაში დაიწყება მშენებლობა და პროცესი აქტიურ ფაზაში გადავა. დანარჩენ ქალაქებში, ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება. რაც შეეხება დანარჩენ ოჯახებს, 6000 ოჯახი ბინით დაკმაყოფილდება პროგრამა “სოფლად სახლის“ ფარგლებში.

- როგორ უნდა ისარგებლოს დევნილმა ოჯახმა პროგრამით? რა დოკუმენტების წარდგენაა საჭირო?

- პროგრამის ფარგლებში, დევნილმა ოჯახმა უნდა მიმართოს დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას. ძირითადი კრიტერიუმია დევნილის სტატუსი და ქულები. „სოფლად სახლის“ პროგრამის უპირატესობაა ის, რომ ძალიან მოკლე ვადაში შეუძლიათ მათ საკუთარი სახლი ჰქონდეთ.

- დევნილი ოჯახები განაცხადის წარდგენიდან რა ვადაში მიიღებენ ბინებს „სოფლად სახლის“ პროგრამის ფარგლებში?

- განაცხადი მიღებიდან, დაახლოებით, ერთი თვის განმავლობაში განიხილება. დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მიერ დადებითი დასკვნის შემდეგ, მათ ეძლევათ 6 თვე, რომ შეარჩიონ სახლი, წარმოადგინონ შესაბამისი დოკუმენტაცია და სააგენტო რამდენიმე დღეში შეუძენს.

- თუ არის გარკვეული ჯგუფები, რომელსაც პრიორიტეტი მიენიჭება ბინებით დაკმაყოფილებისას? რას გაითვალისწინებს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია?

- ქულების სისტემაში ყველაზე მაღალი პრიორიტეტი ენიჭება ნგრევად ობიექტებს, სოციალურად დაუცველებს და მრავალშვილიან ოჯახებს, ასევე ვეტერანის სტატუსის მქონე პირებს, ომში მონაწილე მოქალაქეებს. ვფიქრობ, სამი წლის თავზე დიდ ქალაქებში არც ერთ ნგრევად ობიექტში არ გვეყოლება დევნილი ოჯახი. მთლიანად დაკმაყოფილდება განსაკუთრებით ის მოწყვლადი ჯგუფები, რომლებიც ახლა ნგრევად ობიექტებში, ან სხვადასხვა შენობებში ცხოვრობს, მაგალითად სკოლაში.

- წელიწადში, დაახლოებით, რამდენი ოჯახი დაკმაყოფილდება?

- პროგრამა „სოფლად სახლის“ ფარგლებში, წელიწადში, დაკმაყოფილდება, დაახლოებით, 2000 ოჯახი. მიმდინარე წელს უკვე, 1800-მდე ოჯახს გადაეცა სახლი და წლის ბოლომდე, 200-ზე მეტ ოჯახს კიდევ გადაეცემა. ჩვენი გათვლებით, ამ 3 წლის განმავლობაში, ყოველ წელს, დაახლოებით, 2000 ოჯახი დაკმაყოფილდება.

რაც შეეხება მშენებლობის პროგრამას, მშენებლობას გარკვეული ვადა სჭირდება, ახლა დავიწყეთ და ნაკლებად სავარაუდოა, რომ 1 წელში რომელიმე მშენებლობა დასრულდეს. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ დაახლოებით, 2023 წლის ბოლოდან უკვე დაიწყება დასრულებული მშენებლობის ჩაბარება და 2023 წლის ბოლოდან დაიწყება 7000 დევნილი ოჯახის განსახლება.