რუსეთთან მიმართებაში სანქციების შესახებ აზრები გაიყო

რიგაში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, რუსეთთან მიმართებაში მომავალი სანქციების შესახებ აზრი სამად გაიყო.

უკრაინული მედიის ცნობით, დიდმა ბრიტანეთმა, პოლონეთმა და ბალტიის ქვეყნებმა დაჟინებით მოითხოვეს მოსკოვზე ზეწოლის გაძლიერება. სხვა სახელმწიფოებმა, მათ შორის ავსტრიამ, იტალიამ და კვიპროსმა სკეპტიკური დამოკიდებულება გამოხატეს, გერმანიამ კი ამ საკითხში შუალედური პოზიცია დაიკავა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის განცხადებით, ევროპული სანქციების მომავალი მთლიანად უნდა შეესაბამებოდეს მინსკის შეთანხმებების პროცესს. მისივე თქმით, ჯერ საკმაოდ ადრეა ანტირუსული სანქციების გაძლიერება, ან გაგრძელება.

გუშინ გამართულ შეკრებაზე ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩიუსმა მარტიდან 2015 წლის ბოლომდე რუსეთისთვის სანქციების გაგრძელება მოითხოვა.

იმისათვის, რომ რუსეთს სანქციები გაუგრძელდეს,  ევროკავშირის ყველა - 28 ქვეყნის თანხმობაა საჭირო.