თბილისის მერია ჭკვიანი სატრანსპორტო პროექტის განხორციელებას იწყებს

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მუნიციპალიტეტი ცენტრალური მთავრობისა და გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის მხარდაჭერით ახალი სატრანსპორტო პროექტის განხორციელებას იწყებს, რაც გულისხმობს თბილისის ქუჩებში ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის განვითარებას.

როგორც კახა კალაძემ განმარტა, აღნიშნული პროექტის განხორციელება ქალაქისთვის მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ ზოგადად მოწესრიგებული იყოს სატრანსპორტო მოძრაობა ქალაქში ყველა მიმართულებით, როგორც კერძო ავტომობილებისთვის, ისე საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის, ქვეითად მოსიარულე და ველომოყვარულთათვის.

„მნიშვნელოვანი რეფორმა წამოვიწყეთ, რომელიც ბევრი კომპონენტისგან შედგება. თბილისის მუნიციპლალიტეტი, საქართველოს ცენტრალური მთავრობისა და გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის მხარდაჭერით ახალი სატრანსპორტო პროექტის განხორციელებას იწყებს, რაც გულისხმობს თბილისის ქუჩებში ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის განვითარებას. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ პროექტის განხორციელება და რამდენად მნიშვნელოვანია არსებული სისტემის მოწესრიგება. სისტემა მოიცავს მონაცემთა პლატფორმას, საგზაო სენსორებისა და ნაკადების მართვის ტექნოლოგიას, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს თბილისში რეალურ დროში ვმართოთ საგზაო მოძრაობა და პარკირება. ის, ასევე ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და საგანგებო სიტუაციების ეკიპაჟების გადაადგილებას. ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემა დაგვეხმარება გზებზე უსაფრთოების გაზრდაში, საცობების შემცირებასა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით. პროექტის ერთ-ერთი კომპონენტია ქუჩის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, თანამედროვე სტანდარტების მქონე საფეხმავლო სივრცეების, ველობილიკების და საავტობუსე დერეფნების მოწყობის გზით. პროქტის ფარგლებში მოხდება, როგორც თანამედროვე აღჭურვილობის ისე პროგრამული უზრუნველყოფის შეძენა და დანერგვა. პროექტის ჯამური ღირებულება შეადგენს 47 მლნ ევროს და განხორციელდება მომდევნო 4 წლის განმავლობაში საერთაშორისო კონსულტატებისა და დარგის ექსპერტების ჩართულობით“, -განაცხადა კახა კალაძემ.