ვის ეკუთვნის კომპანია, რომელიც თბილისში ავარიული სახლების ჩანაცვლების საპილოტე პროექტს განახორციელებს

თბილისში ავარიული კორპუსის ჩანაცვლების საპილოტე პროექტს კომპანია „ბი ქეი ქონსთრაქშენი“ განახორციელებს. ამის შესახებ განცხადება დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე გააკეთა. კორპუსის დემონტაჟი კი, მიმდინარე წლის ოქტომბერში დაიწყება.

„გვაქვს კარგი სიახლე იმ ადამიანებისთვის, ვინც წლებია გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. პირველი ავარიული კორპუსის საპილოტე პროექტის სადემონტაჟო-სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით ტენდერი დასრულდა. მასში მონაწილეობდა ორი პრეტენდენტი და ვაჭრობის შედეგად ფასმა დაიკლო 260 ათასი ლარით. ვაჭრობაში მინიმალური ფასი დააფიქსირა - შპს „ბი ქეი ქონსთრაქშენმა“ და ის არის გამარჯვებული. გამოცხადებული ფასი იყო - 6,480,330.00 ლარი. შემოთავაზებული ფასია - 6,199,330.00 ლარი.

სამგორის რაიონში მდებარე მეოთხე კატეგორიის ავარიულობის მქონე შენობა იქნება პროგრამის პირველი მონაწილე, რომლის დემონტაჟი მიმდინარე წლის ოქტომბერში დაიწყება. სამშენებლო სამუშაოები მომდევნო ორი წლის განმავლობაში გაგრძელდება. პროექტის ფარგლებში, უნდა დაკმაყოფილდეს 36 ოჯახი, რომელიც მუნიციპალიტეტს უკვე ქირით ჰყავს გაყვანილი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დედაქალაქის მერია აღნიშნული საპილოტე პროგრამით დამატებით 12 ავარიული კორპუსის პროექტს ამუშავებს.

რაც შეეხება კონკრეტულად პირველ საპილოტე პროექტს, სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, კორპუსი ნაცვლად 4 სართულისა, იქნება 10-სართულიანი, სადაც განთავსებული იქნება 90 ერთეული საცხოვრებელი ბინა, აქედან 36 გარემონტებული სახით გადაეცემათ მესაკუთრეებს, ხოლო 54 თეთრი კარკასის კონდიციაში შეფასებული და 7 ერთეული ავტოსადგომი რეგისტრირებულია თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებად და ანგარიშსწორებისას გათვალისწინებული იქნება შემდგომში მიმწოდებლისთვის სამშენებლო სამუშაოების ღირებულების ნატურით ანგარიშსწორების მიზნით, ფართებისა და მათი ღირებულების შეთანხმებული პროპორციის შესაბამისად.

რეესტრის მიხედვით, „ბი ქეი ქონსთრაქშენი“ 2017 წელს დაფუძნდა. კომპანიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია საცხოვრებელი ბინების, კომერციული ქონებების და სასტუმროების მშენებლობა. „ბი ქეი ქონსთრაქშენის“ 50%-ს შოთა ბერეკაშვილი ფლობს, რომელიც საქართველოსთან ერთად რუსეთის მოქალაქეცაა, 50%-იანი წილის მფლობელი კი ირაკლი ბურდილაძეა. 2021 წლის განმავლობაში კომპანიაში საშუალოდ 880 ადამიანი მუშაობდა.

ამასთან, „ბი ქეი ქონსთრაქშენის“ ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, 2021 წელი კომპანიამ 2,074 მლნ ლარის მოგებით დაასრულა. სამშენებლო მომსახურებიდან შემოსავალმა 107,865 მლნ ლარი შეადგინა, სამშენებლო მომსახურების თვითღირებულება კი იყო 96,800 მლნ ლარი. შესაბამისად, საერთო მოგებამ შეადგინა 11,065 მლნ ლარი. ანგარიშგების მიხედვით, 2021 წლის მდგომარეობით, კომპანიის აქტივები შეადგენს - 47,414 მლნ ლარს.