რომეო მიქაუტაძემ ენერგეტიკის სფეროს შესახებ ქართულ-სომხური ერთობლივი სამუშაო ჯგუფის სხდომაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძემ მონაწილეობა მიიღო ქართულ - სომხური ერთობლივი სამუშაო ჯგუფის სხდომაში, რომელიც აშშ- ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქართველოსა და სომხეთის ოფისების მხარდაჭერით გაიმართა. სომხეთის დელეგაციას ხელმძღვანელობდა ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ჰაკობ ვარდანიანი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, მისასალმებელ სიტყვაში, რომეო მიქაუტაძემ სომხეთის დელეგაციას საქართველოს ენერგეტიკულ სისტემაში მიმდინარე ტენდენციები და სამომავლო გეგმები გააცნო. აღინიშნა, რომ ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანების შემდეგ საქართველო ახორციელებს ენერგეტიკული ბაზრის რეფორმას, რომლის მიზნებსაც ენერგეტიკის სექტორის მოდერნიზაცია და ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერება წარმოადგენს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ასევე გაამახვილა ყურადღება დარგში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე, რომლებიც ქვეყნის ენერგოსისტემას უფრო მდგრადს და გარეშე ფაქტორებზე ნაკლებად დამოკიდებულს გახდის.

რომეო მიქაუტაძემ ასევე ხაზი გაუსვა სახელმწიფოთაშორის თანამშრომლობის მნიშვნელობას რეგიონში ენერგეტიკული მდგრადობისა და სტაბილურობის შენარჩუნებისთვის. მან დადებითად შეაფასა კოოპერაცია საქართველოსა და სომხეთის ენერგეტიკულ სისტემებს შორის და აღნიშნა, რომ ქვეყნებს შეუძლიათ, უფრო მეტად განავითარონ ტრანსსასაზღვრო ელექტროგადამცემი ქსელები და ამით ხელი შეუწყონ ელექტროენერგიის სატრანზიტო ნაკადების ზრდის პროცესს.

სამუშაო შეხვედრაზე ასევე გამახვილდა ყურადღება შავი ზღვის კაბელის პროექტზე, რომლის განხორციელების შემდეგაც საქართველოს ენერგეტიკული სისტემა რუმინეთისას დაუკავშირდება, რაც ახალ შესაძლებლობებს ქმნის საქართველოდან და რეგიონის სხვა ქვეყნებიდან ევროკავშირში ელექტროენერგიის ექსპორტის გაზრდის მიმართულებით.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“, „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“, „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის“, აგრეთვე „სომხეთის ელექტროენერგეტიკული სისტემის ოპერატორის“, „ბაზრის საანგარიშსწორებო ცენტრის“ და „ერევნის თბოელექტროსადგურის“ ხელმძღვანელი პირები.

ხელი მოეწერა შეთანხმებას საქართველოსა და სომხეთის ენერგეტიკული ბაზრის ოპერატორებს, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასა და სომხეთის „ბაზრის საანგარიშსწორებო ცენტრს“ შორის ავარიულ სიტუაციებში ელექტროენერგიის მიწოდების შესახებ.

სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა დიდი მნიშვნელობა მიანიჭეს ორი ქვეყნის თანამშრომლობას ელექტროენერგეტიკის სექტორში და ყურადღება გაამახვილეს პრიორიტეტულ მიმართულებებზე, რომლებიც სამომავლოდ ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ენერგეტიკული სისტემების მდგრადობას და მომავალ განვითარებას.