უკრაინის საერთშორისო რეზერვები ერთ თვეში 13,6%-ით გაიზარდა

აგვისტოში უკრაინის საერთაშორისო რეზერვები 13,6%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ქვეყნის ეროვნული ბანკის განაცხადებაში არის ნათქვამი.

მიმდინარე წლის 1-ლი სექტემბრის მდგომარეობით, უკრაინის საერთაშორისო რეზერვებმა 25 436 მლრდ დოლარი შეადგინა მაშინ, როცა ერთი თვით ადრე, 1-ლი აგვისტოს მდგომარეობით, 22,385 მლრდ დოლარი იყო.

აგვისტოში რეზერვების 13,6%-იანი ზრდა მნიშვნელოვანმა საერთაშორისო დახმარებამ განაპირობა, რაც მთავრობის მიერ უცხოურ ვალუტაში ვალის ზომიერი გადახდის ფონზე მოხდა. ამასთან, ეროვნულმა ბანკმა ვალუტის გაყიდვაზე მცირე ინტერვენციები განახორციელა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, გასულ თვეში საერთაშორისო რეზერვების დინამიკა ძირითადმა ფაქტორებმა განსაზღვრა, როგორიც არის უცხოელი პარტნიორებისგან დახმარების მიღება და სახელმწიფო ვალის მართვის ოპერაციები, ასევე, ბანკთაშორის სავალუტო ბაზარზე ეროვნული ბანკის ოპერაციები და საბაზრო ღირებულებისა და გაცვლითი კურსის ცვლილების შედეგად ფინანსური ინსტრუმენტების გადაფასება, რომლის ღირებულებაც გასულ თვეში 16,4 მლნ დოლარით შემცირდა.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, აგვისტოში უკრაინის მთავრობის ანგარიშებზე უცხოელი პარტნიორების სავალუტო შენატანებმა 4,788 მლრდ დოლარი შეადგინა.

„საერთაშორისო რეზერვების ამჟამინდელი მოცულობა უზრუნველყოფს მომავალი იმპორტის ოთხთვიან დაფინანსებას, რაც უკრაინის ვალდებულებების, ასევე, მთავრობისა და ეროვნული ბანკის მიმდინარე ოპერაციების შესასრულებლად საკმარისია,“ - ნათქვამია ანგარიშში.

2021 წელს უკრაინის საერთაშორისო რეზერვებმა 1,8 მლრდ დოლარით მოიმატა და 30,9 მლრდ დოლარი შეადგინა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ