iPhone 14 რუსეთში პარალელური იმპორტით შევა

ამერიკული კორპორაცია Apple-ის სმარტფონ iPhone 14-ის ახალი მოდელი რუსეთს პარალელური იმპორტით მიეწოდება. ამის შესახებ აღმოსავლეთ ეკონომიკურ ფორუმზე მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრმა, ფედერაციის ვიცე-პრემიერმა, დენის მანტუროვმა განაცხადა, რასაც „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

„რუსებს შესაძლებლობა ექნებათ, შეიძინონ სიახლე: iPhone 14 რუსეთს პარალელური იმპორტით მიეწოდება,“ - ასე უპასუხა მინისტრმა კითხვას, დაიშვება თუ არა ქვეყანაში სმარტფონის ახალი მოდელის შეტანა.

Apple-მა ახალი iPhone 14-ისა და დიდეკრანიანი iPhone 14 Plus-ის პრეზენტაცია 7 სექტემბერს გამართა. Apple-ის ტექნოლოგიის მოყვარულებისთვის ახალი ტელეფონები ხუთ ფერში იქნება ხელმისაწვდომი. სმარტფონების შემქმნელებმა გადაწყვიტეს, შეენარჩუნებინათ ძველი Bionic A15 პროცესორი, ხოლო კამერის მახასიათებლები გაეუმჯობესებინათ. სავარაუდოდ, ის, წინა iPhone-თან შედარებით, სიბნელეში გადაღების დროს ორჯერ უფრო ეფექტური იქნება. ამასთან, ფუნქცია Action Mode ვიდეოს გადაღების დროს რხევას შეამცირებს.

გარდა ამისა, iPhone 14 SIM ბარათის სლოტის გარეშე გამოვა და ონლაინ რეჟიმში შესვლას იმ ადგილებშიც შეძლებს, სადაც GSM სიგნალი თანამგზავრის საშუალებით ვრცელდება. ეს ვერსია გამოწერით, თუმცა მხოლოდ აშშ-ისა და კანადის მცხოვრებლებისთვის იქნება ხელმისაწვდომი. საბაზისო მოდელის გაყიდვები 16 სექტემბრიდან დაიწყება, Plus მოდელი კი თაროებზე მხოლოდ 7 ოქტომბრისთვის გამოჩნდება.

სექტემბრის დასაწყისში რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრმა, მაქსიმ რეშეტნიკოვმა ქვეყანაში პარალელური იმპორტის პროგრამა იმ ანტიკრიზისულ ზომებთან ერთად გაახანგრძლივა, რომლებიც ქვეყნის შიგნით და საზღვრის გადაკვეთის დროს საქონლის ბრუნვისა და ტვირთების ნაკადის გამარტივებას უკავშირდება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ