ყაზახეთმა ტრანსკასპიური სატრანსპორტო მარშრუტით შარშანდელზე 2,5-ჯერ მეტი ტვირთი გადაზიდა

ყაზახეთის პორტებიდან აზერბაიჯანის მიმართულებით გადაზიდული ტვირთის მოცულობამ მიმდინარე წლის პირველ რვა თვეში 1,9 მილიონი ტონა შეადგინა. ყაზახეთის მრეწველობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამინისტროს მონაცემებს Trend ავრცელებს.

აღნიშნული მონაცემები სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე გახმიანდა, რომელიც საზღვაო პორტებიდან ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტით ტვირთების გადაზიდვას შეეხებოდა. მიმდინარე წლის 8 თვეში აზერბაიჯანის მიმართულებით ყაზახეთის რესპუბლიკის საზღვაო პორტებიდან 1,9 მილიონი ტონა ტვირთის გადაზიდვა მოხდა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 2,1-ჯერ მეტია.

სამინისტროს ცნობით, ზრდის დინამიკა, ასევე, შეინიშნება ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტით ტვირთების გადაზიდვის მოცულობაშიც. კერძოდ, 8 თვის განმავლობაში ყაზახეთიდან ამ მარშრუტით 1,3 მლნ ტონა ტვირთის ტრანსპორტირება მოხდა, რაც, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2,5-ჯერ მეტია.

„დღეს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება და ტვირთების ნაკადის სატრანზიტო კავშირი პირდაპირ გავლენას ახდენს ტრანსკასპიური მარშრუტის კონკურენტუნარიანობაზე, რის შედეგადაც გაიზარდა აქტაუსა და კურიკის საზღვაო პორტების როლი,“ - ნათქვამია ყაზახეთის მრეწველობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამინისტროს განცხადებაში.

Trend-ის მონაცემებით, დღეისთვის ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის ინფრასტრუქტურა, დაახლოებით, 6 მილიონი ტონა, მათ შორის 80 000 TEU-ს (twenty-foot equivalent unit) ეკვივალენტური ტევადობის ტვირთის გადაზიდვის საშუალებას იძლევა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ