არჩილ თალაკვაძე - სანქციების განხილვა ბიძინა ივანიშვილთან მიმართებით გახლავთ აბსოლუტურად უსამართლო

სანქციების განხილვა ბატონ ბიძინა ივანიშვილთან მიმართებით გახლავთ აბსოლუტურად უსამართლო - სანქციებს აზრი აქვს მაშინ, როცა ის სამართლიანია,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რამდენად შეიძლება იყოს USAID-ის დოკუმენტი სანქციების წინაპირობა გარკვეული პირებისთვის, როგორც ამას ოპოზიცია აცხადებს.

თალაკვაძის თქმით, სანქციებზე საუბრის უკან "ნაციონალური მოძრაობის" და მათი მოკავშირეების პირადი და ვიწროპოლიტიკური მიზნები დგას.

"სანქციებს აზრი აქვს მაშინ, როცა ის სამართლიანია, გუშინ მოვისმინეთ ქალბატონი დეკანოიძის აღიარება, რომ სანქციებზე „ნაციონალური მოძრაობა“ მუშაობს და ეს მათი უპირველესი ამოცანაა, როცა ვხედავთ, რომ უკრაინაში ცალკეული პოლიტიკური პირები ეხმაურებიან იმას, რასაც აქ ამბობს "ნაციონალური მოძრაობა", რა თქმა უნდა ვრწმუნდებით , რომ სანქციებზე საუბრის უკან დგას პირადი და ვიწროპოლიტიკური მიზნები "ნაციონალური მოძრაობის" და მათი მოკავშირეების. რაც შეეხება ბატონ ბიძინა ივანიშვილს და იმ სიას, რომელშიც რამდენიმე ადამიანს აქვს აშშ-ის და ბრიტანეთის მოქალაქეობა, მინდა გითხრათ, რომ სანქციების განხილვა ბატონ ბიძინა ივანიშვილთან მიმართებით გახლავთ აბსოლუტურად უსამართლო, რადგან სწორედ მისი ლიდერობით ქვეყანაში შეიცვალა ძალადობრივი რეჟიმი, გაუმჯობესდა ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომაროება, ბიზნესი გახდა თავისუფალი და 4- ის ნაცვლად 20 ტელევიზია მაუწყებლობს, დემოკრატიის ნებისმიერი მიმართულებით გვაქვს არსებითი პროგრესი და ეს აშშ-ის და ევროკავშირის სახელმწიფო ანგარიშებში იყო არაერთხელ შეფასებული, შესაბამისად, თუ ვინმე განიხილავს სანქციებს, პირველ რიგში მტკიცებულებები უნდა წარმოადგინოს, განცხადებები კი არ უნდა აკეთოს, რომ ეს მათი პარტიული ამოცანაა, სანქციებს აზრი აქვს მაშინ, როცა ის სამართლიანია, ამ შემთხვევაში სპეკულატიურად და უსამართლოდ მიდის საუბარი სანქციებთან დაკავშირებით", - განაცხადა თალაკვაძემ.

ის ასევე გამოეხმაურა კორუფციასთან დაკავშირებით USAID- ის დოკუმენტს და განაცხადა, რომ არაერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო დოკუმენტი არსებობს, რომელიც პირიქით მიუთითებს, რომ კორუფციასთან ბრძოლის რეიტინგში საქართველო 2012 წლის შემდეგ მნიშვნელოვნად დაწინაურდა.