რა შემთხვევაში ორმაგდება სიჩქარის გადაჭარბებისთვის დაწესებული ჯარიმის მოცულობა - შს მინისტრის მოადგილის განმარტება

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებების, შედეგად 40 კმ/სთ-ზე მეტით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ორმაგდება - ამის შესახებ, რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ შსს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა.

მინისტრის მოადგილის თქმით, კანონმდებლობა მძღოლს აძლევს უფლებას, დასაშვებ სიჩქარეს 15 კმ/სთ-ით გადააჭარბოს.

„შსს-ს და ზოგადად მთავრობისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს საგზაო უსაფრთხოება. არა მხოლოდ საკანონმდებლო მიმართულებით, არამედ ინფრასტრუქტურის და სხვა მიმართულებითაც მიმდინარეობს ცვლილებები. ეს საბოლოოდ მიზნად ისახავს გზებზე გადაადგილების უსაფრთხოებას.

რამდენიმე ნიუანსზე გავამახვილებ ყურადღებას. მოგეხსენებათ, შსს-მ არაერთი მნიშვნელოვანი სიახლე დანერგა. გასულ წელს უკვე შევიდა ძალაში მართვის მოწმობის ჩაბარების პროცესში რეალური კომპონენტი. ეს ხელს შეუწყობს, რომ გზებზე ბევრად უფრო გამოცდილი მძღოლები გამოვიდნენ. გარდა ამისა, სახელმწიფო ძალიან დიდი რესურსს ხარჯავს, რომ გზები ვიდეო მეთვალყურეობის სისტემებით აღიჭურვოს, იმისთვის, რათა კონტროლი საგზაო მოძრაობის წესების დაცვაზე ეფექტური იყოს და ჩვენ გრძელვადიან პერსპექტივაშიც, არა ერთი საგზაო მონაკვეთის კამერებით აღჭურვის ვალდებულება გვაქვს აღებული.

ასევე რჩება ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტები, რაც სამწუხარო შემთხვევებს უწყობს ხელს. ეს არის სიჩქარის გადაჭარბება და ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვა.

საზოგადოებისთვის კარგად გასაგები რომ იყოს, დღეის მდგომარეობით, კანონმდებლობა მძღოლს აძლევს უფლებას დასაშვებ სიჩქარეს 15 კმ/სთ-ით გადააჭარბოს. მაგალითად ავტობანზე, იქ სადაც 110 კმ/სთ-ია დასაშვები 15 კმ/სთ-ით შეიძლება სიჩქარის გადაჭარბება, უფრო მეტის შემთხვევაში კი ირთვება საჯარიმო სანქციები. კანონში დიფერენცირებულია ჯარიმები გადაჭარბების და სიჩქარის მიხედვით. 15-40 კმ/სთ-ს შემთხვევაში ჯარიმა 50 ლარია და ეს ნორმა რჩება უცვლელი. 40 კმ/სთ-ზე მეტის გადაჭარბებისთვის, დღეს დადგენილი ჯარიმა 150 ლარია, სწორედ ეს კომპონენტი იზრდება 300 ლარამდე“, - განაცხადა დარახველიძემ ,,საქმეში“.

თამარ მუკბანიანი