ევროპელები შეშას იმარაგებენ, მთავრობები კი ქვანახშირის სადგურებს აახლებენ - როგორ ემზადება ევროპა ზამთრისთვის

ევროპამ გაზსაცავების თითქმის შეავსო, ამასთან, იზრდება Tap-ით გაზის მოცულობის მიწოდება, მატულობს აშშ-დან გათხევადებული ბუნებრივი აირის იმპორტიც, თუმცა ევროპელები თავს „იზღვევენ“ და მომავალი ზამთრისთვის შეშას იმარაგებენ.

ამავდროულად, რუსეთი კვლავ აგრძელებს საკუთარი ენერგორესურსების პოლიტიკურ იარაღად გამოყენებას და აცხადებს, რომ გაზის სრულფასოვან მიწოდებას მხოლოდ სანქციების შემსუბუქების შემთხვევაში განაახლებს.

რუსული პროპაგანდა - „დღე ხვალის შემდეგ“

„ზამთარი გრძელი იქნება, აი, გახედე მდინარეს გაღმა,

ყვითელ ხელს იქნევს ჩუმად მომაკვდავი შემოდგომა,

მზე ნამქერს გაალღობს და გაზაფხულზე დაბრუნდება,

მაგრამ ზამთარი გრძელი იქნება - მხოლოდ მწუხრი და თოვლია ახლა“

საბჭოთა პოეტის, იური ვიზბორის სიმღერად ქცეული ამ ლექსის ფონზე აქვეყნებს რუსული „გაზპრომი“ ახალ ვიდეოს და ევროპას აპოკალიფსურ ზამთარს უწინასწარმეტყველებს. ვიდეო მილსადენში გაზის დინების ჩამკეტის ნულამდე გადაწევით იწყება, რის შემდეგაც მთელი ევროპა ცივი ზამთრის სუსხში ეხვევა.

ეს „გაზპრომის“ მიერ ევროპის „წაკბენის“ პირველი მცდელობა არაა და პროპაგანდის იმ ხაზის ნაწილია, რომლის თანახმადაც, რუსული გაზის გარეშე მთლიან კონტინენტს გამყინვარება ემუქრება. ამ ვიდეომდე „გაზპრომი“ იმითაც აშინებდა ევროპას, რომ ზამთარში გაზის ფასი 60%-ით გაიზრდებოდა და 1,000 კუბურ მეტრზე 4,000 დოლარს გადასცდებოდა.

მილსადენ Nord Stream 1-ით მიწოდება განუსაზღვრელი ვადითაა შეწყვეტილი, ევროპაში კი უკვე ემზადებიან პირველი ზამთრისთვის რუსული გაზის გარეშე. თუმცა ეს მარტივი არ იქნება - წლების განმავლობაში არასანდო პარტნიორის ენერგორესურსებზე მზარდი დამოკიდებულების გვერდითი ეფექტები სწორედ ახლა იჩენს თავს და მეტასტაზებივით ვრცელდება.

მიწოდების შეწყვეტის გამო ენერგიის ფასები და შესაბამისად, ინფლაცია კონტინენტზე რეკორდულ ნიშნულს აღწევს და რეცესიის წინაშე მყოფ ევროგაერთიანებას დამატებით აზარალებს.

ჯერ იყო პანდემია და ლოკდაუნები, შემდეგ კი რუსეთის ომი უკრაინასთან და მის შედეგად კიდევ უფრო გაძვირებული ცხოვრება - საკვების, საწვავისა თუ მომსახურების ფასების რეკორდული ზრდა, რაც ყველაზე მეტად დაბალშემოსავლიან მოსახლეობას აწვება ტვირთად.

ახლა ბიუჯეტის შემავსებელთა საგადასახადო ხარჯები იმაზე მეტია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. გასაკვირი არაა, რომ ამის გამო ისინი გათბობის ძველებურ, შედარებით იაფიან მეთოდებზეც იწყებენ ფიქრს.

მზადება ზამთრისთვის

ზამთრის მოახლოების პარალელურად, გერმანიაში „გუგლის“ საძიებო სისტემაში შეშაზე ინფორმაციის მაძიებელთა სტატისტიკა რეკორდულ ნიშნულზეა:

gaaa-1662644563.jpg

გარდა გერმანიისა, შეშაზე, როგორც გათბობის ალტერნატიულ წყაროზე მოთხოვნა თითქმის მთელი ევროპის მასშტაბით იზრდება, განსაკუთრებით კი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც დაბალშემოსავლიანი ოჯახები ამ რესურსს უფრო მეტად იყენებენ.

მოთხოვნის ზრდას წინა წელთან გაორმაგებული ან გასამმაგებული ფასებიც მოსდევს თან. მაგალითად, ბულგარეთში, სადაც ოჯახების ნახევარი შეშას იყენებს ზამთარში, სხვადასხვა რეგიონის მიხედვით, ფასები 40-50 დოლარიდან 100-150 დოლარამდეა გაზრდილი. ფასები იზრდება პოლონეთში, უნგრეთში, ჰოლანდიაში, გერმანიასა და სხვა ქვეყნებშიც.

ოჯახებისთვის წნეხის შესამსუბუქებლად, მთავრობები ექსპორტს კრძალავენ და უფრო მეტი ხის მოჭრის ნებართვებს გასცემენ, თუმცა ეს ტყის უკანანო გაჩეხვის რისკებსაც ზრდის.

ორადაა გაყოფილი აზრები ბიოენერგიის „სიმწვანესთან“ დაკავშირებითაც - გარემოს დამცველები ბიომასას კრიტიკულად უყურებენ, რადგან მისი წვის შედეგად ემისიები იზრდება, Bioenergy Europe კი ამ რესურსს განახლებად ენერგიებს მიაწერს.

წელს შეშის გაყიდვების ხუთმაგი ზრდაა მოსალოდნელი, თუმცა გამორიცხულია, ევროპას მხოლოდ ამ საწვავმა შეუმსუბუქოს პრობლემები.

ევროკავშირის მთავარი ინსტრუმენტები

მას შემდეგ, რაც რუსეთმა მიწოდების შემცირება დაიწყო, ევროპა დეფიციტის შევსებას სხვადასხვა ხერხებით ცდილობს. ევროკავშირმა გაზის იმპორტი გაზარდა ნორვეგიიდან და აზერბაიჯანიდან, ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს აშშ-დან გათხევადებული ბუნებრივი აირის (LNG) იმპორტიც, თუმცა ეს უკანასკნელი უფრო ძვირია, ვიდრე მილსადენით მიწოდებული გაზი.

გადაიდო ატომური და ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურების დახურვის გეგმებიც - გერმანიაში ქვანახშირის სადგურები გააცოცხლეს, ორი ატომური ელექტროსადგურის ხელახლა ამუშავების ვარიანტს ჯერ კიდევ განიხილავენ, საფრანგეთში კი ყველა ბირთვულ რეაქტორს აამუშავებენ ზამთრისთვის.

ევროგაერთიანების 27 წევრი უკვე შეთანხმდა გეგმაზე, რომელიც მიზნად ისახავს გაზის მომხმარების 15%-ით შემცირებას მომავალი წლის მარტამდე, თუმცა ეს მხოლოდ ნებაყოფლობითია და არა სავალდებულო.

მთავრობები აქტიურად იღებენ იმგვარ ზომებსაც, რაც მოიცავს დახმარებას იმ კომპანიებისთვის, რომლებსაც განსაკუთრებით მაღალი გადასახადის გადახდა უწევთ რუსულ გაზში, ფულად დახმარებას ოჯახებისთვის და საგადასახადო შეღავათებს.

დამდეგი ზამთრისთვის დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრის, ლიზ ტრასის გუნდმა შეიმუშავა ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო - 150 მილიარდ დოლარიანი გეგმა ენერგოკრიზისთან გასამკლავებლად, რომელიც 24 თვის განმავლობაში იქნება ძალაში და მიზნად ისახავს ელექტროენერგიასა და გაზზე გადასახადების გაყინვას. მესამე, 64.3 მილიარდ დოლარიანი დახმარების პაკეტი დაამტკიცა გერმანიამაც.

განიხილება საფასო ჭერის დაწესება რუსულ გაზზე. ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის თანახმად, შესაძლოა, ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის გადასახადები ერთმანეთისგან გაცალკევდეს.

ყველაზე მნიშვნელოვანი კი ახლა ისაა, რომ ევროკავშირმა უკვე მოასწრო გაზსაცავების 82%-ით შევსება და ეს რიცხვი ზამთრამდე კიდევ უფრო გაიზრდება.

კახი ჩაკვეტაძე