ევროპის ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთები უპრეცედენტოდ გაზარდა

როგორც მოსალოდნელი იყო, ევროპის ცენტრალურმა ბანკმა (ECB) საპროცენტო განაკვეთები უპრეცედენტოდ გაზარდა და სამომავლოდ კიდევ უფრო ზრდაზეც მიანიშნა.

ECB-მა განაკვეთი დეპოზიტებზე 0-დან 0.75%-მდე, რეფინანსირების განაკვეთი კი 1.25%-მდე გაზარდა, რაც 2011 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი ნიშნულია. სავარაუდოდ, განაკვეთები ოქტომბერსა და დეკემბერშიც მოიმატებს.

მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის ეკონომიკა რეცესიისკენ მიექანება, ბანკის პრიორიტეტი რეკორდულ 9.1%-იან ინფლაციასთან ბრძოლა და გაუფასურებული ევროს კურსის დაჭერაა.

ენერგოკრიზისის ფონზე ევროს კურსი დოლართან მიმართებით 20-წლიან მინიმუმზეა. ევრო ამგვარად მას შემდეგ გაუფასურდა, რაც რუსულმა ენერგოგიგანტმა „გაზპრომმა“ მილსადენ Nord Stream 1-ით ევროპაში გაზის მიწოდება განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა.

ცივი ზამთრის მომლოდინე ევროპული ქვეყნების ენერგოსექტორსა და ეკონომიკას მიწოდების შეფერხება მძიმე ტვირთად აწვება - კონტინენტზე ბუნებრივი აირის ფასები რეკორდულ ნიშნულს აღწევს, იმატებს ელექტროენერგიის ღირებულებაც და ინფლაციის მაღალი დონეც დიდწილად ამის დამსახურებაა.

მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება დაკრედიტებას აფერხებს და მიმოქცევაში ნაკლებ ფულს ტოვებს, რაც ინფლაციის დონესა და ვალუტის კურსზე დადებითად აისახება, თუმცა იწვევს ეკონომიკის შენელებას. სწორედ ამიტომ, ECB-ის ამ ორს შორის ბალანსის დაჭერა მოუწევს.

ბევრ ეკონომისტს მიაჩნია, რომ ბანკის ეს ქმედება დაგვიანებულია და ამაზე ზრუნვა ჯერ კიდევ პანდემიისას უნდა დაწყებულიყო. ამ ნაბიჯით ევროპის ცენტრალური აშშ-ის ბანკი ფედერალური რეზერვის აგრესიულ პოლიტიკას უახლოვდება, რომელმაც აქამდე განაკვეთები უკვე სამჯერ გაზარდა.

ევროპის ცენტრალურმა ბანკმა შეცვალა პროგნოზებიც, რომლის თანახმადაც, მომავალ წელს სამომხმარებლო ფასები 5.5%-ით გაიზრდება, 2024-ში კი მიზნობრივ 2%-იან მაჩვენებელზე ოდნავ მაღალი, 2.3% იქნება. რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას, 2023 წლისთვის პროგნოზი 2.6%-ია, 2024 წლისთვის კი 1.4%.

კახი ჩაკვეტაძე