2022 წლის მეორე კვარტალში უკრაინის მშპ 19%-ით შემცირდა

უკრაინის მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) მიმდინარე წლის მეორე კვარტალში პირველ კვარტალთან შედარებით 19%-ით შემცირდა. შესაბამის მონაცემებს ქვეყნის სტატისტიკის სამსახური ავრცელებს.

„უკრაინის მშპ პირველ კვარტალთან შედარებით შემცირებულია 19,1%-ით, ხოლო გასული წლის მეორე კვარტალთან შედარებით 37,2%-ით“, - წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, სტატისტიკის სამსახურის ცნობით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში უკრაინის მშპ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15,1%-ით არის შემცირებული.

მანამდე უკრაინის პირველმა ვიცე-პრემიერმა იულია სვირიდენკომ განაცხადა, რომ ქვეყნის ეკონომიკის სამინისტროს პროგნოზით 2022 წელს უკრაინის ეკონომიკა 35-40%-ით შემცირდება. უკრაინის ცენტრალური ბანკის შეფასებით კი, ქვეყნის ეკონომიკა წელს მესამედით, მსოფლიო ბანკის ანალიტიკოსების პროგნოზით კი ქვეყნის ეკონომიკა 45,1%-ით შემცირდება.

კოკა კვირკველია