ჯერი შატანი - საქართველოს ერთ-ერთი დიდი უპირატესობა ინვესტორებისთვის ბიზნესის დაწყების სიმარტივეა

საქართველოში ვიზიტით მყოფი საერთაშორისო საინვესტიციო კონსულტანტის ჯერი შატონის თქმით, საქართველოს ერთ-ერთი დიდი უპირატესობა ბიზნესის დაწყების სიმარტივეა.

აშშ-დან, ევროპიდან და აზიიდან საქართველოში მყოფი 13 საინვესტიციო კონსულტანტი რამდენიმე დღის განმავლობაში შეხვედრებს მართავდა, როგორც ადგილობრივ საკონსულტაციო კომპანიებთან, ასევე ბიზნესასოციაციებთან, დონორებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოში მოქმედ უცხოურ კომპანიებთან.

„ამ რამდენიმე დღის განმავლობაში საშუალება მქონდა მესაუბრა იმ კომპანიების წარმომადგენლებთან, რომლებიც აქ შეიქმნა ან გადმოვიდნენ, შემდეგ კი საერთაშორისო ბაზრებზე გავიდნენ და საერთაშორისო ინვესტორები მოიზიდეს. მათი მაგალითი ადასტურებს, რომ შესაძლებელია საქართველოში კომპანიის განვითარება, რაც, ვფიქრობ, დიდი პლუსია თქვენი ქვეყნისთვის. კიდევ ერთი დიდი უპირატესობა არის საქართველოში ბიზნესის დაწყების სიმარტივე. ამის შესახებ ჩვენ გვითხრეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ეს დაადასტურეს ბიზნესის მფლობელებმაც, რომელთაც შევხვდით. კომპანიებს, რომლებსაც შეუძლიათ ისარგებლონ საქართველოს ადგილმდებარეობით, სავაჭრო ინფრასტრუქტურითა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დიდი მხარდაჭერით, ჩვენ ვურჩევდით განეხილათ საქართველოში ბიზნესის განთავსება“, - აღნიშნა ჯერი შატონმა.

საერთაშორისო საინვესტიციო კონსულტანტებს საქართველოში სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან თანამშრომლობით მასპინძლობს. ტურის მიზანია საიტის ლოკატორებისა და მათი კლიენტებისთვის საქართველოს საინვესტიციო ღირებულებისა და შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.