შვეიცარიაში გათბობის წესების დარღვევა შესაძლოა, პატიმრობით დაისაჯოს

შვეიცარიის მთავრობამ, ზამთარში გაზის დეფიციტის შემთხვევაში, მკაცრი ეკონომიური ზომები შეიმუშავა, რომლის დარღვევისთვის ჯარიმები დაწესდა. ინფორმაციას შვეიცარული გამოცემა, Blick ავრცელებს.

გაზით გამთბარ სახლებში ინტერიერის ტემპერატურა 19 გრადუსს არ უნდა აღემატებოდეს, ასევე, ცხელი წყლის ტემპერატურამ 60 გრადუსს არ უნდა გადააჭარბოს, ხოლო საუნები და აუზები არ უნდა თბებოდეს და ცივად დარჩეს. ამ წესების დარღვევა ჯარიმით და თავისუფლების აღკვეთითაც კი ისჯება.

განზრახ ქმედება შესაძლოა, 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ან ჯარიმით დაისაჯოს. უნებლიე დარღვევის შემთხვევაშიც კი პირი შესაძლოა, 180-მდე დღიური ოდენობით დაჯარიმდეს. ჯარიმის დღიური ოდენობა, მინიმუმ, 30 და არაუმეტეს 3000 შვეიცარულ ფრანკს შეადგენს. ჯარიმის დღეების რაოდენობა დანაშაულის ხარისხით, ხოლო დღიური ოდენობა დამნაშავის პირადი და ეკონომიკური ვითარებით განისაზღვრება. მაგალითად, თუ პირი შემთხვევით თერმოსტატს არასწორად იყენებს, მცირე ჯარიმას მიიღებს, ვიდრე ის, ვინც თავის აუზს განზრახ 25 გრადუსამდე ათბობს.

კომპანიებისთვის, რომლებიც მიზანმიმართულად აჭარბებენ გაზის კვოტას, ჯარიმები, სავარაუდოდ, კიდევ უფრო მკაცრი იქნება.

სამთავრობო წინადადება ჯერ დამტკიცებული არ არის და კანტონებს 22 სექტემბრამდე აქვთ ვადა, რომ თავიანთი პოზიცია წარადგინონ.

ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, რომ შვეიცარიაში, ენერგეტიკული კრიზისის ფონზე შესაძლოა, ახალი ატომური ელექტროსადგურების მშენებლობა დაუშვან.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ