აშშ-მა ირანულ კომპანიას, რომელმაც რუსეთს უპილოტოები მიაწოდა, სანქციები დაუწესა

აშშ-მა საქნციები დაუწესა ირანში ბაზირებულ საავიაციო ტვირთმზიდ კომპანიას, რომელიც ამერიკული მხარის მტკიცებით, მონაწილეობდა რუსეთისთვის ირანული დრონების მიწოდებაში. ამის შესახებ აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ.

თეირანული კომპანია Safiran Airport Services-ის წინააღმდეგ რესტრიქციები ამოქმედებულია „ამ კომპანიის მხრიდან რუსეთისთვის უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოსაყენებლად უპილოტო საფრენი აპარატების მიწოდების გამო“ - წერია დოკუმენტში. გარდა ამისა, სანქციების ქვეშ მოექცა სამი სხვა ირანული კომპანიაც, რომელიც დაკავებული არიან უპილოტო საფრენი აპარატების შემუშავება-წარმოებაში, დასანქცირდა ერთ-ერთი ამ კომპანიის ხელმძღვანელი პირიც.

შეგახსენებთ, რუსეთისთვის ირანული უპილოტო საფრენი აპარატების მიწოდების შესახებ ინფორმაცია აგვისტოს ბოლოს გავრცელდა, მოსკოვი კი აღნიშნულს უარყოფს.

კოკა კვირკველია