რა მეთოდებს იყენებენ ინტერნეტთაღლითები საქართველოში და როგორ დავიცვათ მათგან თავი

ინტერნეტთაღლითობა ბოლო წლების ერთ-ერთ ურთულეს გამოწვევად რჩება, დაზარალებულთა რაოდენობა კი დღითიდღე იმატებს.

მიუხედავად იმისა, რომ მედიასაშუალებების, კერძო თუ საჯარო სექტორის მიერ მუდმივად ვრცელდება ინფორმაცია ინტერნეტთაღლითობის ახალი ფორმის შესახებ, იქმნება ახალი და სულ უფრო რთულად ამოსაცნობი სქემები, რომლებსაც უამრავი ადამიანი შეჰყავს შეცდომაში.

კიბერთაღლითობის ერთ-ერთი ფორმაა Phishing-ი - ელ-ფოსტით ან სხვა საშუალებით ყალბი შეტყობინების გაგზავნა ცნობილი კომპანიის ან ორგანიზაციის სახელით, რათა სუბიექტის პირად ინფორმაციას, ძირითადად, საბანკო მონაცემებს დაეუფლონ. ფიშერები ამისათვის მრავალფეროვან მეთოდებს იყენებენ: ყალბი გათამაშებები, ბანკებისა და ონლაინ მაღაზიების ყალბი ვებგვერდები, მოდის, მოგზაურობისა და სხვადასხვა მიმართულებით კოლაბორაციის ყალბი შეთავაზება, რაც საბოლოოდ დაზარალებულის ფინანსების მითვისებით სრულდება.

ბოლო პერიოდში ფიშერებმა დაგეგმეს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სქემა, რომელიც ყიდვა-გაყიდვის ერთ-ერთი ონლაინ პლატფორმის მომხმარებლების მონაცემთა უკანონოდ დაუფლებასა და მათი ანგარიშებიდან თანხის მოპარვას გულისხმობდა.

კიბერთაღლითთა ახალი და „კლასიკური“ სქემები

საცალო ნივთები ყიდვა-გაყიდვის ვებგვერდების გამოყენება

კიბერთაღლითები გამყიდველებს უკავშირდებიან როგორც მყიდველები და ნივთის შეძენის სურვილს გამოთქვამენ (კომუნიკაცია ხდება ძირითადად, Whatsapp-ის ან Viber-ის მეშვეობით, იშვიათად, სატელეფონო ზარით). შემდეგ საფასურის ჩასარიცხად უგზავნიან ბმულს, რომლის ველებშიც კლიენტმა პირადი მონაცემები უნდა შეიყვანოს. აღნიშნული მონაცემები შეიძლება მოიცავდეს: საბანკო ბარათის 16-ნიშნა კოდს, CVV კოდს, რომელიც ბარათის უკანა მხარესაა მითითებული, ბარათის მოქმედების ვადას, ბარათის ორივე მხარის ფოტოსურათს და ტელეფონზე მიღებულ ერთჯერად კოდს. იმისათვის, რომ მყიდველმა ნივთის საფასური ჩაგირიცხოთ, ამისთვის საკმარისია მხოლოდ ანგარიშის ნომერი, სხვა საბანკო მონაცემის მესამე პირისთვის გაზიარება საჭირო არ არის.

საბანკო მონაცემების მოთხოვნის ნაცვლად შეიძლება ყალბმა მყიდველებმა გამყიდველს ნივთის გასაგზავნად შეიძლება მიაწოდოს ფიშინგ ბმული ან კონკრეტული ვებგვერდისთვის მიმსგავსებული მისამართი, სადაც საბანკო მონაცემებისთვის განკუთვნილი ველებია შექმნილი. მნიშვნელოვანია, რომ არცერთ ასეთ ბმულზე პირადი მონაცემები არ უნდა შევიყვანოთ.

უძრავი ქონების ვებგვერდების გამოყენება

საქართველოში უძრავი ქონების შეძენა-დაქირავებით ბევრი უცხოელია დაინტერესებული, რაც კიბერთაღლითებმა ახალი სქემის შესაქმნელად გამოიყენეს.

აღნიშნულ ვებგვერდებზე მოძიებული ინფორმაციის მეშვეობით ყალბი დამქირავებელი უკავშირდება ქონების მესაკუთრეს და თანხის ჩასარიცხად უგზავნის ბმულს, რომელიც მიმსგავსებულია იმავე ან რომელიმე საერთაშორისო ვებგვერდს (მაგალითად, „ვესტერნ იუნიონი“, „მანიგრამი“ და სხვა). როგორც წინა შემთხვევებში, აქაც ბმულზე მითითებულ ველებში ქონების მესაკუთრემ თავისი პირადი მონაცემები უნდა შეიყვანოს, რაც მისი დაზარალებით სრულდება.

ყალბი გათამაშებები

სოციალურ ქსელებში პერიოდულად დასპონსორებული გათამაშებები რომელიმე მსხვილი ბანკის, გადამზიდი კომპანიის ან სხვა ორგანიზაციის სახელით, რომლებიც მოგების შემთხვევაში ძვირფას ნივთებსა და სოლიდურ ფულად პრიზს გვპირდებიან.

აღნიშნული პოსტები მაქსიმალურად არის მიმსგავსებული კომპანიების ლოგოებს, პოსტების წერის სტილს და სხვა, შესაბამისად, შეიძლება დაკვირვებული პირიც შევიდეს შეცდომაში. ყველაზე ეფექტური გადამოწმების მეთოდი არის იმ ორგანიზაციასთან დაკავშირება, რომლის სახელითაც ტარდება „გათამაშება“. მანამდე მნიშვნელოვანია, არ გადახვიდეთ ბმულზე და არ შეიყვანოთ საბანკო მონაცემები.

გათამაშების ბმული შეიძლება მოგივიდეთ მეილზე, რომელსაც თანდართული ექნება ბმული პირადი საბანკო ინფორმაციის შეყვანის მოთხოვნით. უმჯობესია, ბმულზე გადასვლისგან თავი შეიკავოთ.

ფიშინგი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით

სხვისი თანხების დასაუფლებლად ფიშერები ელექტრონულ ფოსტას აქტიურად იყენებენ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ინტერნეტთაღლითობის შედარებით „მოძველებული“ მეთოდია, მაინც „ამართლებს“.

კიბერთაღლითები რომელიმე ბანკის, ონლაინ კომერციის პლატფორმის ან სხვა კომპანიისთვის მიმსგავსებული ელ. ფოსტის მისამართით სუბიექტებს უგზავნიან შეტყობინებებს, რომლებიც შეიცავს დავირუსებულ ბმულებს, გათამაშებების, განვადებების ან სხვა შეთავაზებებს, რათა ადრესატი შეცდომაში შევიდეს და თავისი საბანკო მონაცემების გაზიარების სურვილი გაუჩნდეს.

განაგრძეთ კითხვა: