Sony Music რუსეთს საბოლოოდ ტოვებს

ხმის ჩამწერი ამერიკული სტუდია, Sony Music რუსეთიდან საბოლოოდ გადის. ინფორმაციას Billboard კომპანიის წარმომადგენლების განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

Sony Music რუსეთის ბაზარს ქვეყანაში საქმიანობის შეჩერებიდან ექვსი თვის შემდეგ დატოვებს.

„რადგან გრძელდება რუსეთის ომის დამანგრეველი გავლენა უკრაინაზე, ხოლო რუსეთის წინააღმდეგ სანქციები მწვავდება, ჩვენ ვეღარ შევინარჩუნებთ წარმომადგენლობას ქვეყანაში. გადაწყვეტილება ძალაში დაუყოვნებლივ შევა,“ - ნათქვამია ლეიბლის განცხადებაში.

Billboard წერს, რომ Sony Music Group პირველი მსხვილი ჩამწერი კომპანიაა, რომელიც რუსეთს მთლიანად ტოვებს. სტუდიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ Sony Music-ის რუსული განყოფილება თანამშრომლებთან ერთად „ადგილობრივი მმართველობის ქვეშ გადავა.“ Billboard-ის ცნობით, დამოუკიდებელი კომპანია, რომელიც Sony Music-ის რუსული განყოფილების მართვას ჩაიბარებს, Sony Music Russia-ს ყოფილმა დირექტორმა, არინა დმიტრიევამ დააარსა. ახალი კომპანიის რეგისტრაციის შესახებ დოკუმენტი რუსეთის ფედერალური საგადასახადო სამსახურის ვებგვერდზე 25 აგვისტოს გამოქვეყნდა. გამოცემა საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ახალი სტუდია მხოლოდ ადგილობრივ არტისტებს წარადგენს.

Billboard-ის ცნობით, გარიგების პირობებში საერთაშორისო შემსრულებლების ტრეკებზე უფლებები არ შედის, ამიტომ Sony Music-მა რუსულ სტრიმინგსერვისებს ოფიციალური მოთხოვნით მიმართა, ამოიღონ სტუდიის უცხოელი შემსრულებლების ნებისმიერი სიმღერა, რომელიც ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია ქვეყანაში.

თავისი საერთაშორისო განყოფილებებიდან ახალი რელიზების გამოშვება Sony Music-მა მარტიდან შეაჩერა. თუმცა ალბომები და სიმღერები, რომლებიც პლატფორმებზე 24 თებერვლამდე იყო ატვირთული, კვლავ ხელმისაწვდომია. Billboard-ის მონაცემებით, Sony Music Group-ის რუსულ განყოფილებაში 40-დან 50-მდე ადამიანი იყო დასაქმებული.

მარტის დასაწყისში რუსეთში საქმიანობა, ასევე, მსოფლიოს ორმა უმსხვილესმა ჩამწერმა კომპანიამ, Universal Music Group-მა და Warner Music Group-მა შეწყვიტა. მათ ქვეყანაში ყველა ინვესტიცია, სარეკლამო აქტივობა და ახალი რელიზების გამოშვება გაყინეს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ