ლევან დავითაშვილი - ირანული ავიაკომპანია, რომელმაც საქართველოს საჰაერო სივრცე გამოიყენა, არ არის სანქცირებული და რეგულარულად დაფრინავს, მათ შორის ევროპაში

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი დეზინფორმაციას უწოდებს პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საქართველოს გავლით ირანიდან სამხედრო ტექნიკა რუსეთში ირანული ავიაკომპანიის თვითმფრინავმა გადაიტანა, რომელიც სანქციების ქვეშაა მოქცეული.

ლევან დავითაშვილის განმარტებით, აღნიშნული კომპანია სანქცირებული არ არის და საქართველოს საჰაერო სივრცე ყველა წესების დაცვით გამოიყენა.

„ეს არის მორიგი დეზინფორმაციის უსუსური მცდელობა. ჩვენ, სამწუხაროდ, ხშირად ვისმენთ ხოლმე გადაუმოწმებელ ინფორმაციას, რომელიც მიმართულია ქვეყნის ინტერესების საზიანოდ, მეტი არაფერი. რა თქმა უნდა, საქართველო სრულად იცავს საერთაშორისო წესებს. კომპანია, რომელმაც საქართველოს საჰაერო სივრცე გამოიყენა, რეგულარულად დაფრინავს მათ შორის ევროპის ქვეყნებში, ის არ არის სანქცირებულ კომპანიათა სიაში და შესაბამისად, ჩვენმა საავიაციო უწყებებმა, ნავიგაციამ ყველა წესის დაცვით მისცეს გადაფრენის საშუალება“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ცნობისთვის, პარტია „დროას" ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, 4 სექტემბერს, ირანის ერთ-ერთი აეროდრომიდან აფრინდა თვითმფრინავი, რომელიც საქართველოს ტერიტორიის გავლით მოსკოვში გაფრინდა.

როგორც ხოშტარიამ ბრიფინგზე განაცხადა, "ირან ეარი“, რომელსაც ეს თვითმფრინავი ეკუთვნის, არის ამერიკის მიერ სანქცირებული ავიაკომპანია.