ვინ გუდავს ეკონომიკას?

"მაქვს ინფორმაცია, რომ გამგებლების ნაწილი მამაძაღლობს, მაგრამ დასამტკიცებლად ფა­ქტები­ და კომპანიების დახმარება მჭირდება"

რატომ მონაწილეობს რეგიონებში სახელმწიფოს­ მიერ გამოცხადებული ტენდერების საკმაოდ დიდ ნაწილში მხოლოდ ერთი კომპანია და ხომ არ ზრდის ეს კორუფციულ რისკებს საჯარო სტრუქტურაში, ამ საკითხებზე საქართველოს ინფრა­სტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილეს, ნოდარ­ ჯავახიშვილს ვესაუბრეთ:

- სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ტენდერებთან დაკავშირებით, გარკვეული ეჭვები მეც მაქვს, მაგრამ კანონმდებ­ლობაში არსად არის მითითებული, რომ ჩვენ გამარჯვებული კომპანიების წარმომავლობითა და დამფუძნებლების ვინა­ობით უნდა დავინტერესდეთ. კანონი არც იმას გვავალდებულ­ებს, მონაწილე კომპანიების უკან სახელმწი­ფო მოხელეების ინტერეს­ები ვიკვლიოთ - ჩვენთვის ამოსავალი წერტილი ტენდერში მონაწილე კომპანიის გამოცდილება და სამ­უშაოს ხარისხიანად შესრულებაა.

შორს ვარ იმ აზრისგან, რომ სამინის­ტროსა და სატენდერო კომისიაში ყველა­ საკითხი მოწესრიგებულია და პროცესებიც გამჭვირვალედ მიმდინარეობს,

მაგრამ რასაც ვხედავ და ვუყურებ, ფორმალურად ყველაფერი თითქოს სწორად კეთდება.

- სწორედ ფორმალური მხარის მიღმა ჩნდება­ მწვავე კითხვები. მაგალითად, უკვე ტენდენციად იქცა, რომ რეგიონებში ტენდერებს ერთი და იგივე კომპანიები იგებენ.

- გიდასტურებთ, რომ ხშირ შემთხვევაში­ ტენდერებში ერთი და იგივე კომპანია მონაწილეობს და გამარჯვებულად ცხადდება, მაგრამ თუ სხვა, დაჩაგრული კომპანიის მფლობელი ხმას არ ამოიღებს და სიმართლეს­ არ იტყვის, როგორ მოვიქცეთ? არც მე მომწონს, როცა ტენდერების შედეგების განხილვისას მუდმივად ერთ გამარჯვებულ კომპ­ანიას ვაწყდები, მაგრამ ხომ გეუბნებით, ჩემთან ჯერ არავინ მოსულა, დამეხმარეთ, ტენდერიდან უსამართლოდ გამომაგდესო...

- ეს ხომ არ მიანიშნებს იმაზე, რომ თქვენი უწყება საზოგა­დოებაში საკმარისი ნდობით არ სარგებლობს?

- თუ ვინმე სამინისტროს არ ენდობა, მე მითხრას, ტენდერებში ვინ დაჩაგრა. პირობას ვაძლევ, საკითხს ძირფესვიანად შევისწავლი­. ადამიანმა საკუთარი უფლებების დასაცავად­ თავადვე უნდა იბრძოლოს... მაგალითად, ზემო სვანეთში ყველა სამუშაოს მხოლოდ ერთი სამშენებლო კომპანია ასრულებს და სხვა ორგანიზაცია ტენდერებში მონაწილეო­ბის მისაღებად არც კი შემოდის. ანალოგიური ვითარებაა ონშიც, სადაც ყველა სამუშაოს "ამბროლაურის გზა" ასრულებს...

სავარაუდ­ოდ, სხვა კომპანიებს აშინებენ და ტენდერში­ მონაწილეობის უფლებას არ აძლევენ. როცა 12 სატენდერო დოკუმენტაციი­დან რვა ტენდერში ერთი გამარჯვებული­ კომპანიის შესახებ მომდის ინფორმაცია, ტენდერის არსი უკვე დაკარგულია. ახალქალაქშიც ასე ხდება, ყველა ტენდე­რს­ "ჯავახ ავტოგზა" იგებს.

- ალბათ, მუნიციპალიტეტებში გამოც­ხადე­ბულ ტენდერებში მუდმივად ერთი კომპანია ადგილ­ობრივ ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად ვერ გაიმარჯვებს. ადგილობრივების ინფორმაციით, ხშირად სამშენებლო კომპანიები გამგებლებთან არიან შეთანხმებული. მაგალითად, ბორჯომში ყველა ტენდერს კომპანია­ "მშენებელი" იგებს და როცა ერთ-ერთი ტენდერი სხვა ორგანიზაციამ მოიგო, ადგი­ლობრივმა სატენდერო კომისიამ მას დისკვა­­ლიფიკაცია მისცა და სამუშაო ისევ კომპანია­ "მშენებელს" გადაულოცა...

- ამ საკითხს პირადად შევისწავლი. თუ მსგავს­ი ინფორმაცია დადასტურდება, გარწმუნებთ, გამგებლების თავები დაიყრება! მეც მაქვს ინფორმაცია, რომ გამგებლების ნაწილი მამაძაღლობს, მაგრამ დასამტკიცებლად ფა­ქტები და კომპანიების დახმარება მჭირდება.­

- თუ ტენდერში დაჩაგრული კომპანიებისგან­ ინფ­ორმაცია მომავალშიც ვერ მიიღეთ, გამოდის, ალტერნატიული მექანიზმი არ გაგაჩნიათ და დარღვევები გაგრძელდება?

- ასე იქნება მანამ, სანამ პასუხისმგებლობას თითოეული მოქალაქე არ იგრძნობს. მე მაქსიმალურად ვცდილობ, ვითა­რება გამოვ­ასწორო. ამ მიზნით საკადრო ცვლილებებიც­ განვახორციელე - გზების დეპარტამენტის შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელი სამინისტროში გადმოვიყვანე და მის ნაცვლად იქ გამოცდილი კადრი დავნიშნე. პარალელურად,­ ბაზის შექმნას ვცდილობ, რომლის შემდეგაც­ სამშენებლო ორგანიზაციები ჩვენს მოტყუებას­ ვეღარ შეძლებენ, დღეს კი მხოლოდ მათ მიერ მოტანილ ინფორმაციას ვეყრდნობით და არ გვაქვს შესაძლებლობა, გუშინ და დღეს მოწოდებული ინფორმაცია ერთმანეთს­ შევადაროთ.

იხილეთ გაგრძელება