2022 წლის ივლისში, საქართველოს საზღვარზე ყველაზე მეტი მსუბუქი ავტომობილი - ყაზბეგის გამშვებმა პუნქტმა, ხოლო ყველაზე მეტი სატვირთო სარფმა გაატარა

2022 წლის ივლისში, საქართველოს საზღვარზე ყველაზე მეტი მსუბუქი ავტომობილი - ყაზბეგის გამშვებმა პუნქტმა, ხოლო ყველაზე მეტი სატვირთო სარფმა გაატარა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის პასუხად აცნობეს, მოსაზღვრე ქვეყნების მიხედვით კვეთების რაოდენობა ორივე მიმართულებით 368 778-ია.

უფრო კონკრეტულად, რუსეთისკენ/რუსეთიდან საზღვრის კვეთა 114 868-ჯერ განხორციელდა; სომხეთისკენ/სომხეთიდან - 124 204-ჯერ; თურქეთისკენ/ თურქეთიდან - 92 743-ჯერ; ხოლო აზერბაიჯანისკენ/აზერბაიჯანიდან – 36 486-ჯერ; ამასთან, პორტში შემოსვლა ფიქსირდება 477-ჯერ.

რაც შეეხება 2022 წლის ივლისში საავტომობილო ტრანსპორტის ტრანზიტული მოძრაობის დინამიკას, შსს-ს ინფორმაციით, ასეთია: მსუბუქი - 27,340; სატვირთო - 13,268; ავტობუსი - 654; მოტოციკლი - 165; სპეცტექნიკა - 53.

კერძოდ, ყაზბეგის გამშვები პუნქტი 2022 წლის ივლისში 44 677-მა მსუბუქმა ავტომობილმა გადმოკვეთა, ხოლო საქართველოდან 39 454 მსუბუქი ავტომობილი გავიდა. ამავე პერიოდში ყაზბეგის გამშვები პუნქტი რუსეთის ფედერაციიდან გადმოკვეთა 15 284-მა სატვირთო ავტომობილმა, ქვეყნიდან გავიდა 12 706 სატვირთო ავტომობილი.

რაც შეეხება ავტობუსს, 2022 წლის ივლისში ყაზბეგის გამშვები პუნქტი გადმოკვეთა 1031-მა ავტობუსმა, ხოლო საზღვარი გადაკვეთა -1022-მა. რაც შეეხება სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტის მონაცემებს, შსს-ს ინფორმაციით, 2022 წლის ივლისში, 19 208 სატვირთო ავტომობილმა გადმოკვეთა, ხოლო საქართველოდან თურქეთის მიმართულებით გადაკვეთა - 13 150-მა. ამავე პერიოდში, წითელი ხიდი გადმოკვეთა 11 620-მა სატვირთო ავტომობილმა, ქვეყნიდან გავიდა 14 443. 2022 წლის ივლისში, სარფის სასაზღვრო პუნქტი გადმოკვეთა 1251-მა ავტობუსმა, ქვეყნიდან გავიდა 1253; ამავე პერიოდში სადახლოს გამშვები პუნქტი გადმოკვეთა 945-მა ავტობუსმა, ხოლო ქვეყნიდან გავიდა 922 ავტობუსი.

რაც შეეხება მსუბუქი ავტომობილების საზღვარზე გადაადგილების დინამიკას, სადახლოს გამშვები პუნქტი გადმოკვეთა 38 010-მა მსუბუქმა ავტომობილმა, გადაკვეთა 38 904-მა. სარფის სასაზღვრო პუნქტზე შემოვიდა 17 824 და გავიდა 18 281 მსუბუქი ავტომობილი, ნინოწმინდიდან- შემოვიდა 7241 და გავიდა 6695 მსუბუქი ავტომობილი; წითელი ხიდიდან შემოვიდა 359 და გავიდა 177; კარწახიდან შემოვიდა 591 და გავიდა 646 მსუბუქი ავტომობილი, რაც შეეხება ვალეს შემოვიდა 560 და გავიდა 752 მსუბუქი ავტომობილი.