სოციალურად დაუცველი ჯგუფების მხარდასაჭერად სოციალური პროექტი ხორციელდება

გორის მუნიციპალიტეტის მერია მოწყვლადი და სოციალურად დაუცველი ჯგუფების მხარდასაჭერად სოციალურ პროექტს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასთან თანამშრომლობითაც ახორციელებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მერიის დაფინანსებული პროექტის „საქმიანობათა ცენტრი გორში უსაფრთხო გარემოსა და სიცოცხლის ხელშეწყობისათვის“ ბენეფიციარები არიან გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად მოწყვლადი ჯგუფები - მრავალშვილიანი ოჯახები, ხანდაზმულები, იძულებით გადადგილებული პირები და ა.შ.

პროექტის სოციალური ღონისძიების პროგრამა ითვალისწინებს სხვადასხვა სახის საინფორმაციო, ჰუმანიტარულ, ჰიგიენურ, სარეაბილიტაციო, პრევენციულ და სხვა აქტივობებს. სამედიცინო გადასინჯვები, სურსათითა და ჰიგიენის საშუალებებით უზრუნველყოფა, უფასო სოციალური საშხაპითა და რეცხვის სერვისით სარგებლობა, საინფორმაციო შეხვედრების საშუალებით საჭირო ინფორმაციის მიწოდება - ეს იმ მომსახურებების არასრული ჩამონათვალია, რასაც ბენეფიციარები პროექტის ფარგლებში იღებენ.

მიმდინარე წელს, გორის მუნიციპალიტეტის მერია სოციალური თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში ჯამში 15 ინიციატივას აფინანსებს.