ევროკავშირი რუსეთთან გამარტივებულ სავიზო რეჟიმს აჩერებს

ევროკავშირის საბჭომ დღეს დაამტკიცა გადაწყვეტილება რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის სრულად შეჩერების შესახებ, - ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.

მათი განმარტებით, ეს ნიშნავს, რომ რუსეთის მოქალაქეებზე ევროკავშირის სავიზო კოდექსის ზოგადი წესები გავრცელდება.

„ეს გამოიწვევს სავიზო განაცხადის საფასურის გაზრდას 35 ევროდან 80 ევრომდე, დამატებითი დოკუმენტური მტკიცებულებების წარდგენის საჭიროებას, ვიზის განხილვის დროის გაზრდას და მრავალჯერადი ვიზების გაცემის უფრო შემზღუდველ წესებს“, - აცხადებენ ევროკავშირის საბჭოში.

მათივე მტკიცებით, სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმება ევროკავშირში პრივილეგირებული შესვლის შესაძლებლობას აძლევს სანდო პარტნიორი ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებიც ევროკავშირთან საერთო ღირებულებებს იზიარებენ.

„არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიის ომით, მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ განურჩეველი თავდასხმებით, რუსეთმა ძირი გამოუთხარა ამ ნდობას და ფეხქვეშ გათელა ჩვენი საერთაშორისო საზოგადოების ფუნდამენტური ღირებულებები. დღევანდელი გადაწყვეტილება არის რუსეთის ქმედებების პირდაპირი შედეგი და უკრაინისადმი და მისი ხალხისადმი ჩვენი ურყევი მხარდაჭერის მორიგი მტკიცებულება“, – განაცხადა ჩეხეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ვიტ რაკუშანმა.

გადაწყვეტილება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში 9 სექტემბერს გამოქვეყნდება და 12 სექტემბრიდან ამოქმედდება.